01 ოქტომბერი 2024,   17:28
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი: სტრასბურგის სასამართლომ ოპოზიციაც და უცხოელი მტერ-მოყვარეც სიყალბეში ამხილა და ვითომც არაფერი, სააკაშვილიც განიკურნა დემენციისგან და უცხოელებმაც სასაუბრო თემა შეცვალეს - არც "ბოდიში", არც "ეს როგორ დაგვემართა"

მას შემდეგ რაც ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურებმა ჩაშალეს ქვეყანაში არეულობის შექმნის გეგმა, რომლის ნაწილიც სააკაშვილის შემოპარება იყო, დაიწყო ყოველგვარ მორალურ და სამართლიან ზღვარს გადასული ზეწოლა ხელისუფლებაზე სააკაშვილის სასჯელისგან დახსნის მიზნით, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ცრუ კამპანია, რომელშიც ევროპელი და ამერიკელი მაღალჩინოსნები, სახალხო დამცველი, ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ ჩართული, თითქმის ორი წელი გაგრძელდა და საბოლოოდ, თვეობით ნაშენები ცრუ ნარატივი, სტრასბურგის სასამართლომ ჩამოშალა.

პაპუაშვილი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ სიყალბის მხილების შემდეგ, სააკაშვილიც მალევე განიკურნა დემენციისგან და უცხოელმა პოლიტიკოსებმა თუ დიპლომატებმაც, სასაუბრო თემა შეცვალეს. ქვეყნის დაზიანების და რეპუტაციის შელახვის გამო კი, ბოდიშიც არავის მოუხდია.

"2021 წლის 1 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურებმა დააკავეს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოში უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი პირის ორგანიზებით შემოიპარა.
რა იყო მისი შემოპარვის მიზანი გასაგებია: არჩევნების დღეს გამოჩენით, არეულობის გამოწვევა და წაგებული არჩევნების აყირავება.

მანამდე, სააკაშვილი, რომელსაც გირგვლიანის მკვლელობის და გელაშვილის ცემის საქმეზე 6 წელი ჰქონდა მისჯილი

თავისუფლად გადაადგილდებოდა ევროკავშირის და აშშ-ის ტერიტორიაზე

იკავებდა მაღალ თანამდებობებს უკრაინის ხელისუფლებაში და იქიდან მართავდა რადიკალურ პოლიტიკურ ჯგუფებს საქართველოში

მართავდა შეხვედრებს ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტების და პოლიტიკურ ჯგუფების წარმომადგენლებთან.
მას შემდეგ რაც ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურებმა ჩაშალეს ქვეყანაში არეულობის შექმნის გეგმა, რომლის ნაწილიც სააკაშვილის შემოპარება იყო, დაიწყო ყოველგვარ მორალურ და სამართლიან ზღვარს გადასული ზეწოლა ხელისუფლებაზე სააკაშვილის სასჯელისგან დახსნის მიზნით:

იმჟამინდელმა სახალხო დამცველმა შეადგინა ყალბი დასკვნა, თითქოს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ მან უნდა დატოვოს ციხე

ამ ყალბ დასკვნას მხარს უჭერდნენ ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები

დაიწყო ბოლო წლების ყველაზე სამარცხვინო კამპანია - "თავისუფლება მიშას" - სხვადასხვა ცნობადი სახის მონაწილეობით

ევროკავშირის სახელით გაკეთდა დემარში იუსტიციის სამინისტროში, რომლის ქვეტექსტიც იყო, რომ სააკაშვილის ციხეში ყოფნა პრობლემაა და ამ პრობლემის თავიდან მოცილება სჯობდა

ვნახეთ ამერიკელი ლობისტების მიერ შედგენილი ევროპარლამენტის რეზოლუციები, ყალბი ამერიკელი ექსპერტები, პოლონელი ექიმის "წინდის სკანდალი", მოკლედ, სცენები და სცენარები, რომლებიც სპეცაგენტებზე გადაღებულ ჰოლივუდურ ფილმებში თუ გვინახავს.
ეს ცრუ კამპანია, რომელშიც ევროპელი და ამერიკელი მაღალჩინოსნები, სახალხო დამცველი, ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ ჩართული, თითქმის ორი წელი გაგრძელდა. ამ პერიოდში დღე არ იყო, რომ არ ყოფილიყო საქართველოზე გარედან თავდასხმა, ზუსტად იგივე სახეებით, რომლებიც, ახლაც, დღეს არ ტოვებენ, რომ ქართველ ხალხს თავს არ დაესხან და ამ ხალხის სახელმწიფოს ტალახი არ ესროლონ.
ყველაფერს წერტილი მხოლოდ სტრასბურგის სასამართლომ დაუსვა, რომელმაც ქართული ოპოზიციაც და უცხოელი მტერ-მოყვარეებიც, სიყალბეში ამხილა და თვეების განმავლობაში ნაშენები ცრუ ნარატივი ჩამოუშალა.
და ვითომც არაფერი. სააკაშვილიც უცებ განიკურნა დემენციისგან და უცხოელმა პოლიტიკოსებმა და დიპლომატებმაც სასაუბრო თემა შეცვალეს. არც "ბოდიში", არც "ეს როგორ დაგვემართა". არაფერი საერთოდ. დაგვაზიანეს, მთელ ქვეყანას რეპუტაცია შეგვილახეს და უბრალოდ გაიარეს.
როგორც ჩანს, ასეთი მეგობრობაც არსებობს. ამიტომ, 26 ოქტომბერს მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ!" - წერს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები