01 ოქტომბერი 2024,   17:21
ვრცლად
საზოგადოება ხედავს, რომ ქალბატონი სალომე ჩამოყალიბდა კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლად - გიორგი კახიანი

მმართველ გუნდში სალომე ზურაბიშვილის ბერლინში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ. საუბარია ზურაბიშვილის შეხვედრაზე საქართველოს მოქალაქეებთან, რომელიც 29 სექტემბერს ბერლინის ერთ-ერთ სასტუმროში გაიმართა. უმრავლესობა განმარტავს, რომ გერმანიის კანონმდებლობა კრძალავს ქვეყანაში უცხოელი პოლიტიკოსების წინასაარჩევნო აგიტაციას.

საარჩევნო კამპანიას გერმანიის მთავრობის სპეციალური ნებართვა სჭირდება, რიგ შემთხვევებში კი ის საერთოდ აკრძალულია. მმართველ გუნდს აინტერესებს, ჰქონდა თუ არა პრეზიდენტს ოფიციალური ბერლინის თანხმობა, როცა ის საარჩევნო აგიტაციას აწარმოებდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი კახიანის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი მუდმივად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას. მისივე თქმით, ის უნდა იყოს ნეიტრალური ფიგურა, თუმცა ამ პროცესებში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლად ჩამოყალიბდა.

"ალბათ, კონსტიტუციაში არ დარჩენილა მის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული რაიმე მუხლი, რომელსაც იგი არ არღვევდეს. საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნაც არსებობს, რომ მას დარღვეული აქვს კონსტიტუციის შესაბამისი ნორმები, ის ახლაც აგრძელებს ამას. ზოგადად, სხვას რომ თავი დავანებოთ, საქართველოს კონსტიტუცია პრეზიდენტს ავალდებულებს, რომ იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური. მას პარტიული კუთვნილების უფლებაც კი არ აქვს, კონსტიტუციიდან გამომდინარე. საზოგადოება ხედავს, რომ ქალბატონი სალომე ჩამოყალიბდა კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლად, ერთ-ერთ ლიდერად", - განაცხადა გიორგი კახიანმა.

დღის ამბები