04 ოქტომბერი 2024,   15:23
ვრცლად
"ყველას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რომელიც შესაძლებელია ქართველ ხალხში აღქმული იყოს, როგორც ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში - არჩილ გორდულაძე

ყველას მოვუწოდებთ კიდევ ერთხელ, რომ თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რომელიც შესაძლებელია ქართველ ხალხში აღქმული იყოს როგორც ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში - ასე ეხმაურება პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 24 წევრის განცხადებას.

არჩილ გორდულაძე ამბობს, რომ განცხადება დაცლილია ყველანაირი ფაქტისგან.

“სულ რომ ყველას ხელი მოეწერა, მთავარი არის მისი შინაარსი და ჩვენ ამ შინაარსს რომ ვკითხულობთ, ნებისმიერ ობიექტურ დამკვირვებელს რჩება მხოლოდ და მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანის შესაძლებლობა, რომ ეს განცხადება დაცლილი არის ყველანაირი ფაქტისგან, მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებას ვხედავთ და რაც მთავარია, ეს განცხადება საოცრად ჰგავს ჭიჭე ვაშაძის განცხადებას და არ აქვს მნიშვნელობა, ჭიჭე ვაშაძე ან პაატა მანჯგალაძე დადგებოდნენ და ეს ადამიანები გააკეთებდნენ განცხადებას, თუ სამწუხაროდ ის 24 წევრი, რომელმაც ხელი მოაწერა ამ განცხადებას. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ასეთი განცხადებები კეთდება, მაშინ როდესაც ჩვენს ქვეყანაში არის წინასაარჩევნო გარემო. ყველას მოვუწოდებთ კიდევ ერთხელ, რომ თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რომელიც შესაძლებელია ქართველ ხალხში აღქმული იყოს როგორც ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და განსაკუთრებით მცდელობა, რომ ზეგავლენა მოახდინონ წინასაარჩევნო პერიოდში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე. ეს ყველაფერი აკრძალულია ნებისმიერი ქვეყნის კანონმდებლობით,“ - აცხადებს არჩილ გორდულაძე.

ცნობისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის გვერდზე გამოქვეყნდა ევროპარლამენტარ ერიკ კროსის მომზადებული განცხადება, სადაც აკრიტიკებენ საქართველოს და წერენ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია ხელისუფლების კონტროლის ქვეშ არის.

აღნიშნულ განცხადებას, ასამბლეის 612 წევრიდან მხოლოდ 24-მა მოაწერა ხელი.

დღის ამბები