04 ოქტომბერი 2024,   15:29
ვრცლად
"ცოცხლები ვართ, მაგრამ არ ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდება ასე, არ ვიცით როდის დაგვეცემა რაკეტები" - რა ვითარებაა ახლო აღმოსავლეთში და რას აცხადებენ ლიბანში მცხოვრებლები

რა ვითარებაა ახლო აღმოსავლეთში? - "კურიერი" ტრადიციულად ცხელ წერტილში მუშაობას აგრძელებს. როგორც "კურიერის" კორესპონდენტი ისრაელიდან იუწყება, ისრაელში ამ დროისთვის სიმშვიდეა. მაგრამ მისივე ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა საომარი მოქმედებები ლიბანში.

აღსანიშნავია, რომ ისრაელმა ღამით ბეირუთს დაარტყა, სამიზნე იყო ჰაშემ საფი ად-დინი, რომელიც არაბული მედიასაშუალებების ინფორმაციით, "ჰეზბოლამ" გენერალურ მდივნად აირჩია ორგანიზაციის ლიდერის, ჰასან ნასრალას მკვლელობის შემდეგ.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელის თავდასხმების შედეგად 39 ადგილობრივი დაიღუპა- დაშავდა 151.

ადგილობრივებში ლიბანში არსებულ რთულ ვითარებაზე საუბრობენ.

"თითქოს ცოცხალი ხარ, მაგრამ, ამავდროულად, არც ხარ ცოცხალი. ცოცხლები ვართ, მაგრამ არ ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდება ასე, არ ვიცით როდის დაგვეცემა რაკეტები ჩვენ ან ჩვენს ოჯახებს. ლიბანში ახლა უსაფრთხოდ ყოფნა ყველაზე რთული ამოცანაა," - ამბობს ლიბანის ერთ-ერთი მოქალაქე.

“რა თქმა უნდა გვეშინია, რადგან ყველაფერი საშიშად გამოიყურება. ვერ ვიძინებ, ვშფოთავ, რადგან მგონია, რომ, შესაძლოა, სარაკეტო იერიში დაიწყოს. ამიტომ გამოვდივართ სახლებიდან და ვცდილობთ ეს ტკივილი გავაქროთ,“ - აცხადებს ლიბანში მცხოვრები.

განცხადება გააკეთა “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა. მისი თქმით, ორგანიზაცია ლიბანში სამედიცინო ტვირთს გაგზავნას გეგმავდა, თუმცა, ბეირუთის აეროპორტის სრული ჩაკეტვის გამო ეს შეუძლებელი გახდა. ის, ასევე, ლიბანში სამედიცინო დაწესებულებებში არსებულ რთულ ვითარებაზე საუბრობს.

"ჩვენ ლიბანში დიდი რაოდენობით სამედიცინო ტვირთს გაგზავნას ვგეგმავდით, თუმცა ეს შეუძლებელი გახდა ბეირუთის აეროპორტის სრული ჩაკეტვის გამო. "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია" მოუწოდებს პარტნიორებს ხელი შეგვიწყონ ფრენებში, რათა ლიბანში საჭირო სამედიცინო დახმარების ჩატანა შევძლოთ. ამასთან, პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ლიბანში სამედიცინო დაწესებულებებს მუშაობა ძალიან უჭირთ და უცნობია, საერთოდ, როგორ გააგრძელებენ ფუნქციონირებას, თუ ესკალაცია გამწვავდა. მედიკოსები ურთულეს პირობებში გასაოცარ საქმეს აკეთებენ, პრაქტიკულად თავს სწირავენ. მხოლოდ ბოლო 24 საათში ლიბანში 28 სამედიცინო მუშაკი დაიღუპა," - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

დღის ამბები