07 ოქტომბერი 2024,   17:38
ვრცლად
“ქართულმა ოცნებამ“ რაც უნდა ის დააინიციროს ახლა. თავად დასრულდებიან, რადგან მათი იმპიჩმენტის საკითხია ახლა აქტუალური -ანა ნაცვლიშვილი

დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა ქვეყნის უზენაესი კანონი? ერთი წლის შემდეგ ეს კითხვა ისევ აქტუალური გახდა - კითხვის შინაარსთან ერთად მთავარი ადრესატიც უცვლელია - საკონსტიტუციო სასამართლოში “ქართული ოცნების“ რიგით მეორე წარდგინება არჩევნებამდე შევა - არჩევნების შემდეგ კი სახელისუფლებო პარტიას აქვს მოლოდინი რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტი მოახერხებს სალომე ზურაბიშვილის გადაყენებას.

მმართველი გუნდი ამბობს რომ იმპიჩმენტს სიმბოლური ხასიათი ექნება, ვინაიდან მიმდინარე წელს პრეზიდენტს, ვადა ისედაც ეწურება. სალომე ზურაბიშვილი “ქართულ ოცნებას“ არ პასუხობს - ოპოზიციას კი მომდევნო მოწვევის პარლამენტზე, ხელისუფლებისგან განსხვავებული წარმოდგენა აქვს.

“ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, კოალიცია “ძლიერი საქართველო“ ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ “ქართული ოცნება“ თავად დასრულდება 26 ოქტომბერს.

“არანაირი აზრი აღარ აქვს, “ქართულმა ოცნებამ“ რაც უნდა ის დააინიციროს ახლა. თავად დასრულდებიან, რადგან მათი იმპიჩმენტის საკითხი არის ახლა აქტუალური და ამ იმპიჩმენტს 26 ოქტომბერს მოაწერს ქართველი ხალხი ხელს,“ - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი არის არასერიოზული მაიმუნობა.

“ეს არის არასერიოზული მაიმუნობა “ქართულ ოცნებას“ მაშინაც შეეძლო მოეხსნა სალომე ზურაბიშვილი, იმდენი ოპოზიციის მოსყიდვა შეეძლოთ რამდენიც საჭირო იყო. მოგეხსენებათ, როდესაც დასჭირდათ ქოცებს იუსტიციის საბჭოს ხალხის არჩევა მოისყიდა იქ ნაცები და გადაიყვანა. ახლა რატომ დაიწყეს ეს პროცედურა ნამდვილად არ ვიცი, მგონი სხვა ხმაურების სანაცვლოდ, რომელსაც წინასაარჩევნოდ ელოდებიან. აირჩიეს ეს რომ გადაფარონ საინფორმაციო ველი,“- აცხადებს იაგო ხვიჩია.

დღის ამბები