07 ოქტომბერი 2024,   19:27
ვრცლად
ჩვენ გვჭირდება ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებიც საზოგადოების ნდობას იმსახურებენ და ეს ნდობა გამოხატული იქნება 26 ოქტომბერს - ლევან ბეჟაშვილი

პლატფორმა “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ ლევან ბეჟაშვილი “დღის კურიერის“ ეთერში არჩევნებზე საუბრობს, მისი თქმით 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს არჩევანი, რისთვისაც საჭიროა ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებსაც აქვთ საზოგადოების მხრიდან ნდობა.

ისაუბრა პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზეც ე.წ. ტექნიკური მთავრობის შემადგენლობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით - სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები დაიწყო.

“ქარტიაში არის შესაბამისი პუნქტი, როდესაც არჩევნები ჩატარდება, როდესაც ქართველი ხალხი, რომელიც მთავარი ლეგიტიმაციის წყაროა, განსაზღვრავს თავისი არჩევანით, რომელ პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაბამისი ნდობა, ამის შემდეგ, შესაბამისი კონსულტაციებით შეირჩეოდა კონკრეტული პრემიერ-მინისტრი.

ბუნებრივია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ახლა წინასაარჩევნო კამპანიებზე და ახალი თემების შემოტანაზე, ჩვენს ამომრჩეველს ყველაზე ნაკლებად აინტერესებს ვინ რა პორთფოლს გადაინაწილებს.

ყველა პროცედურა გაწერილია, მათ შორის პრეზიდენტის კონსულტაციებიც მნიშვნელოვანი იქნება, ვფიქრობ ახლა ყურადღების გადატანა თანამდებობებზე აბსოლუტურად არარელევანტურია.

ჩვენ გვჭირდება ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებიც საზოგადოების ნდობას იმსახურებენ და ეს ნდობა გამოხატული იქნება 26 ოქტომბერს. მთავარი თემა დღეს რაც საზოგადოებას აწუხებს არის: შეძლებს თუ არა ოპოზიცია კონსოლიდაციას, მთავარი თემები და შეთანხმებები ჩვენ წინ გვაქვს.

ჩვენ რაზე ვსაუბრობთ ახლა? ჯერ არჩევნები არ ჩატარებულა, ადამიანებს არჩევანი არ გაუკეთებიათ და ჩვენ აქ მთავრობანა ვითამაშოთ? - თუ რაზეა საუბარი ვერ ვიგებ,“- აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.

დღის ამბები