07 ოქტომბერი 2024,   19:26
ვრცლად
“საუბარი პრეზიდენტის მხრიდან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით რაღაცა პორტფელების განაწილებაზე და სამომავლო მთავრობის დაკომპლექტებასთან მიმართებაში, აბსოლუტურად არარელევანტურად მიმაჩნია“ - ლევან ბეჟაშვილი

საუბარი პრეზიდენტის მხრიდან კონკრეტულად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით რაღაცა პორტფელების განაწილებაზე და სამომავლო მთავრობის დაკომპლექტებასთან მიმართებაში აბსოლუტურად არარელევანტურად მიმაჩნია - ამის შესახებ პლატფორმა “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა “დღის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

საუბარია პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე ე.წ. ტექნიკური მთავრობის შემადგენლობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით - სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები დაიწყო.

ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, კონცენტრირება არჩევნების მოგებაზე უნდა მოხდეს და არა თანამდებობების გადანაწილებებზე.

“პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის, რომ ჩვენ ვართ ყველა წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმში, სადაც საზოგადოება, ყველა ჩვენგანი, მათ შორის ჩვენი დასავლელი პარტნიორები ხედავენ, რომ “ქართული ოცნება“ აგებს არჩევნებს და მათი პროცენტი არ აღემატება 25%-27%. ამ რეალობის გათვალისწინებით, ახლა რაიმე საუბარი პრეზიდენტის მხრიდან კონკრეტულად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით რაღაცა პორტფელების განაწილებაზე და სამომავლო მთავრობის დაკომპლექტებასთან მიმართებაში აბსოლუტურად არარელევანტურად მიმაჩნია იმიტომ, რომ ვფიქრობ, ამ შემთხვევაში პირველი ლეგიტიმაციის წყარო მომავალი მთავრობის, უნდა იყოს საქართველოს მოსახლეობა, ქართველი ხალხი. მათ არჩევნებში უნდა გამოხატონ პოზიცია, დაუჭირონ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს მხარი და ამ ლეგიტიმაციით პოლიტიკური პარტიები ვალდებულნი იქნებიან დააკომპლექტონ მომავალი კოალიციური მთავრობა.

ბუნებრივია, პრეზიდენტის როლი გამომდინარე იმ ქარტიიდან, რომლის ხელმოწერაც მოხდა, მნიშვნელოვანი იქნება იმიტომ, რომ კონსულტაციებში ბუნებრივია ისიც მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჯერ ჩვენ გვაქვს მოსაგები არჩევნები, უნდა მოვიგოთ არჩევნები და ახლა ყურადღების გადატანა რაღაც სამომავლო თემებზე მაშინ, როდესაც ამომრჩეველს ახლა ნაკლებად აინტერესებს ვინ რომელ პორტფელს აიღებს, არის ეგზისტენციალური არჩევნები, საქართველომ უნდა დაიბრუნოს ევროპული გზა, ევროპული პერსპექტივა, შესაბამისად, ყველა ჩვენი ძალისხმევა და კონცენტრაცია უნდა მოხდეს სწორედ ამ მთავარ მიზანზე, რომ ხალხის შეკავშირება მოხდეს ამ მიზნის გარშემო. ჩვენ უნდა გავისტუმროთ “რუსული ოცნება“ ხელისუფლებიდან, ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში კონსულტაციები კონსულტაციებად შეიძლება გავმართოთ, მაგრამ მთავარი კონცენტრაცია, საზოგადოების მიზანდასახულობა არ უნდა გავბლაროთ, არის მთავარი, რომ არჩევნებზე ვკონცენტრირდეთ,“ - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.

დღის ამბები