07 ოქტომბერი 2024,   17:28
ვრცლად
სამგორის რაიონში, სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე პარკი ეწყობა

სამგორის რაიონში, აბაშვილის ქუჩის N3-ში, სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე, პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობას დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან, ანდრია ბასილაიასა და ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

“სამგორის რაიონში კიდევ ერთი, ძალიან დიდი პროექტი ხორციელდება. აქ საქალაქო მნიშვნელობის პარკი გაკეთდება. ეს სიდიდით მეორე პროექტი იქნება დედაქალაქში. აქ ყველა თაობის ადამიანზე იქნება გათვლილი სივრცეები დასვენებისთვის, გართობისა და ვარჯიშისთვის. მოეწყობა ველობილიკები, ძაღლების სასეირნო სივრცეები. სიახლეა, რომ აღნიშნულ პარკს დაემატება პატარა ველოტრეკი, სპორტული ველოსიპედებისთვის იქნება შესაბამისი სივრცე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერიის პრესსამსახურის ცნობით, პარკის ტერიტორიაზე ასევე დაგეგმილია საფეხმავლო ბილიკების, სპორტული მოედნების, საბავშვო სივრცეების, ფანჩატურების, სკეიტ პარკის, პარკურ პარკის, საჭადრაკო სივრცის, მშრალი შადრევნისა და ამფითეატრის, ასევე გარე განათების, სარწყავი და ვიდეომეთვალყურეობის სისტემის მოწყობა.

დღის ამბები