16 ნოემბერი 2024,   23:28
ვრცლად
"გამოჩნდა კაცი, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი ვინც თქვენთვის, ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის გადადო თავი, მოვიდა და დაამარცხა ჩვენი ხალხის მჩაგვრელი ბოროტი ძალა" - ირაკლი ღარიბაშვილი

"1 ოქტომბრის გამარჯვებამ მეგობრებო, თავისუფლებასთან ერთად მოუტანა ჩვენს ქვეყანას, ერთადერთი, უპრეცედენტო, უწყვეტი 12 წლიანი მშვიდობიანი პერიოდი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რამაც განაპირობა ხელშესახები პროგრესი ყველა მიმართულებით," - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილმა, "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ზუგდიდში, სიტყვით გამოსვლას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში 2012 წლის 1 ოქტომბრამდე არსებულ ვითარებაზე ვრცელად ისაუბრა.

"მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩვენო ერთგულო მხარდამჭერებო, ჩემო თანამებრძოლებო! გავიხსენოთ რა მდგომარეობა იყო ჩვენს ქვეყანაში 2012 წლის 1 ოქტომბრამდე. ვერცერთი მოქალაქე ვერ დაივიწყებს იმ სისასტიკეს, რომელსაც ანტიეროვნული და ბოროტი სისხლიანი რეჟიმი ავლენდა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ამ რეგიონში მაცხოვრებელ ადამიანებს ყველაზე მეტად ახსოვთ ის ტრაგედიები, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობამ მოუტანა სამეგრელოს და მთელს საქართველოს: უდანაშაულო ადამიანების წამება, ოჯახების აწიოკება და შეკვეთილი მკვლელობები, ხალხის ქუჩაში დახოცვა, ბიზნესის რეკეტი და კერძო საკუთრების წართმევა, სახლების წართმევა, მედიისა და სიტყვის თავისუფლების ჩახშობა. ჩვენ გვახსოვს ადამიანების გატაცება, დახოცვა. ადამიანები უგზო-უკვლოდ ქრებოდნენ. ხდებოდა სისტემური დანაშაულები, საპატიმროებში და საიდუმლო სამალავებში უდანაშაულო ადამიანების წამება და არაადამიანური მოპყრობა, გაუპატიურება ხდებოდა. ყველას გვაქვს ნანახი ის საშინელი, მძიმე კადრები, ციხის კადრები და სამალავებში გადაღებული წამების და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი კადრები, მაგრამ ყველა უბედურებასთან ერთად მეგობრებო, რაც სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა მოუტანა ჩვენს ქვეყანას, ეს არის ომი და ტერიტორიების დაკარგვა. თან ახლადა ამ ყველაფერს მუდმივი ქაოსი, არეულობა და გვახსოვს ისიც, არჩევნების დროს საკუთარ მოქალაქეებს როგორ უწყობდნენ ტერაქტს... სააკაშვილის კრიმინალურმა ბანდამ ჩააბარეს ტერიტორიები რუსეთს, დაუკანონეს ოკუპაცია, გადასცეს 100-ზე მეტი სოფელი, აჩუქეს კოდორის ხეობა და ამის შემდეგ ცხოვრება გააგრძელეს ისე თითქოს არაფერი არ მომხდარა. ასეთი დიდი ბოროტების, მე ვიტყოდი, ურჩხულის დამარცხების იმედი თითქმის ყველას გადაწურული ჰქონდა, მაგრამ გამოჩნდა კაცი, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი ვინც თქვენთვის, ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის გადადო თავი, მოვიდა და დაამარცხა ჩვენი ხალხის მჩაგვრელი ბოროტი ძალა და 1 ოქტომბერს მოიპოვა ისტორიული გამარჯვება, რითაც გაათავისუფლა ჩვენი ხალხი და გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა!

1 ოქტომბრის გამარჯვებამ მეგობრებო, თავისუფლებასთან ერთად მოუტანა ჩვენს ქვეყანას, ერთადერთი, უპრეცედენტო, უწყვეტი 12 წლიანი მშვიდობიანი პერიოდი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რამაც განაპირობა ხელშესახები პროგრესი ყველა მიმართულებით, ქვეყნის ბიუჯეტი და ეკონომიკა 3-ჯერ გაიზარდა, განვითარება და წინსვლა გვაქვს ყველა სფეროში, ქვეყანა 12 წელში გახდა ევროკავშირის კანდიდატი, მივიღეთ უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან და თავისუფალი ვაჭრობა, გაიხსნა სხვა დიდი ბაზრები, ჩინეთის ბაზარი, რუსეთის ბაზარი, ქვეყანა გახდა სტაბილური და სიტუაცია პროგნოზირებადი," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები