22 ოქტომბერი 2024,   17:31
ვრცლად
"ვფიქრობ, დიდი შეცდომა აქვთ დაშვებული, როდესაც პოლიტიკურ კლიპში იღებდნენ მონაწილეობას" - გიორგი ვაშაძე ქართველ სპორტსმენებზე

ბულინგი და სიძულვილის კამპანია განსხვავებული აზრის გამო - მმართველი გუნდი ფეხბურთელების წინააღმდეგ სოციალურ ქსელში გავრცელებულ იმ განცხადებებს ეხმაურება, რომლებსაც ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები "ქართული ოცნების" საარჩევნო კლიპში მონაწილე სპორტსმენების მისამართით აკეთებენ.

"ბოროტება, სირცხვილი, ღალატი," - ამ შინაარსის სტატუსები სოციალურ ქსელში მას შემდეგ გაჩნდა, რაც მმართველმა პარტიამ მათი საარჩევნო კლიპის პრეზენტაცია გამართა, რომლის კადრებშიც ცნობილი ადამიანები ჩანან.

ოპოზიცია სპორტსმენებს პოლიტიკურ კლიპში მონაწილეობის გამო აკრიტიკებს.

"ვფიქრობ, რომ დიდი შეცდომა აქვთ დაშვებული, როდესაც პოლიტიკურ კლიპში იღებდნენ მონაწილეობას. იმ ევროპის ჩემპიონატით არიან ასეთი პოპულარულები საქართველოში, რომლისკენაც გვინდა მთელი საქართველო წავიყვანოთ. მათ ხომ ითამაშეს ევროპის ჩემპიონატზე, ჩვენ გვინდა, რომ ევროკავშირის წევრი ვიყოთ, ამას ეწინააღმდეგება პოლიტიკური გუნდი და მის კლიპშია. საზოგადოებას არ აქვს აზრის გამოხატვის [უფლება]", - აცხადებს პლატფორმის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე.

პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრი თეონა აქუბარდია ამბობს, რომ ნებისმიერ ბულინგს ემიჯნება, თუმცა "ოცნებას" მათ განცხადებას ახსენებს, რომ სპორტსმენები პოლიტიკაში არ უნდა ჩართულიყვნენ.

"ბულინგს ნებისმიერს ვემიჯნებით, მაგრამ ეს იყო ერთის მხრივ - "ოცნების“ განცხადება, რომ პოლიტიკაში არ უნდა ჩართულიყვნენ სპორტსმენები, შემდგომ მათ ისინი ჩართეს და თუ ეს სპორტსმენების ნება-სურვილით მოხდა, იმ ძალის სასარგებლოდ, რომელიც ხალხის მტრებად აცხადებს მოსახლეობის უმეტესობას, ეს არის მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება", - აცხადებს თეონა აქუბარდია.

დღის ამბები