04 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
ამერიკაში საარჩევნო ყუთების დაწვის შედეგად ასეულობით ბიულეტენი განადგურდა - ამერიკელები საკუთარ არჩევანს ყოფილ პრეზიდენტსა და მოქმედ ვიცე-პრეზიდენტს შორის გააკეთებენ

წინასწარი ხმის მიცემის პროცესის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, ამერიკაში ასეულობით ბიულეტენი განადგურდა მას შემდეგ, რაც საარჩევნო ყუთებს ცეცხლი გაუჩნდა. ერთი შემთხვევა პორტლენდში, მეორე კი ვაშინგტონის შტატის ქალაქ ვანკუვერში მოხდა. საგამოძიებო ორგანოში საუბრობენ საარჩევნო ყუთზე მიმაგრებულ "საეჭვო მოწყობილობაზე", რომელიც ბოლს უშვებდა და იწვოდა. პოლიცია ამ დრომდე ეძებს ეჭვმიტანილს, რომელიც გამოძიების ცნობით, ორივე შემთხვევასთან კავშირშია. გამოძიება ასევე ამ ორ ინციდენტს უკავშირებს თვის დასაწყისში ქალაქ ვანკუვერში მომხდარ მესამე მსგავს შემთხვევასაც.

პორტლენდის პოლიციის ბიუროს სპიკერი მაიკ ბენერი საეჭვო ავტომანქანაზე საუბრობს. შავი ან მუქი ფერის Volvo s 60 სათვალთვალო კამერამ იმ ადგილზე შენიშნა, სადაც საარჩევნო ყუთს ცეცხლი გაუჩნდა. ორეგონის შტატის საავტომობილო სატრანსპორტო დეპარტამენტის მონაცემებით, შტატში 3 828 მსგავსი მარკისა და ფერის მანქანა არის რეგისტრირებული. აქედან 558-ს აღმოაჩნდა ვალიდური რეგისტრაცია. ახლა პოლიცია იკვლევს, რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ავტომანქანას და მის მფლობელს საარჩევნო ყუთებში გაჩენილ ხანძართან.

CNN წერს, რომ საარჩევნო ყუთის დაწვის ინციდენტები დროში დაემთხვა იმ გაფრთხილებას, რომელიც აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამსახურმა მიიღო. უწყებას აფრთხილებდნენ, რომ სოციალური მედიის ზოგიერთი მომხმარებელი განიხილავდა და ახალისებდა საარჩევნო ყუთების საბოტაჟის სხვადასხვა მეთოდს. მიუთითებდნენ, რომ საარჩევნო ინფრასტრუქტურა მიმზიდველ სამიზნედ რჩება ზოგიერთი ექსტრემისტისთვის, რომლებიც დემოკრატიული პროცესის და საარჩევნო ოპერაციების ჩაშლას ცდილობენ.

იქამდე, ვიდრე ორეგონსა და ვაშინგტონში გამოძიება მიმდინარეობს, ხმის მიცემის პროცესში აღმოჩენილ დარღვევებს სოციალური ქსელით ეხმაურება რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი. დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში საარჩევნო ბიულეტენების გამოყენებით თაღლითობის შესაძლო ფაქტებზე მიუთითებს.

პენსილვანიის შტატში მომხდარ ინციდენტებზე, საუბრობს ამერიკელი ინფლუენსერი როგან ო ჰენდლიც. ის ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც ჩანს თუ როგორ აფერხებენ გარკვეული სამსახურები საარჩევნო რიგს.. ო ჰენდლის თქმით, პოლიციელები მხოლოდ იმიტომ აჩერებენ ამომრჩევლების რიგებს, რომ რესპუბლიკელების მხარდამჭერებმა ხმის მიცემა ვერ შეძლონ. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ზუსტად 6 დღე დარჩა. 5 ნოემბერს ამერიკელები არჩევანს ყოფილ პრეზიდენტ ტრამპსა და მოქმედ ვიცე პრეზიდენტ ჰარისს შორის გააკეთებენ.

დღის ამბები