პარლამენტის თავმჯდომარე მოუწოდებს მხარეებს აღიარონ დასკვნა, რომელიც ეუთო/ოდირმა დადო. შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ეუთო /ოდირის გზავნილი, რომელმაც თქვა, რომ ქართველ ხალხს ჰყავს არჩეული ხელისუფლება, მკაფიო იყო. ამიტომ ყველამ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ პატივი უნდა სცეს ხალხის არჩევანს.
მისივე თქმით, დეზინფორმაციაა, თითქოს ეუთო/ოდირმა არჩევნები სიტყვებით “თავისუფალი და სამართლიანი“ უნდა შეაფასოს, იმისთვის, რომ ის შემდგარად ჩაითვალოს. რადგან, ეს არ არის ტერმინი, რომელსაც მისია ანგარიშში იყენებს. შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ საკითხებზე, რომლებიც ანგარიშში მოხვდა საუბარი იყო იმ შეხვედრაზე, რომელიც მისიის წევრებთან არჩევნების შემდეგ შედგა.
“შენიშვნები ეუთო/ოდირს რაც გააჩნია, ამაზე ჩვენ სხვა დროსაც გვისაუბრია და ეს არის განმარტება ეუთო/ოდირის. ნურავინ ეცდება, მათ შორის ნურც უცხოელი აქტორები და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, ეუთო/ოდირის ნაცვლად ისაუბრონ.
ის, რაც უნდოდა ეუთო/ოდირს ეთქვა, მკაფიოდ თქვა როგორც წერილობით ანგარიშში, ისე ზეპირად პრესკონფერენციის დროს. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, ევროკავშირის წარმომადგენლებსაც და სხვებს, რომ იყვნენ ერთგული ეუთო/ოდირის ანგარიშის“, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.