მარნეულის საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირის დაკავებას, პოლიტიკურ სპექტრში აფასებენ.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის განცხადებით, როგორც კი უბანზე რამდენიმე ბიულეტენის საარჩევნო ყუთში ჩაყრის ფაქტი მოხდა, მაშინვე დაიხურა აღნიშნული უბანი და დაიწყო გამოძიება, თუმცა მათ ოპონენტებს ამ საკითხზე საუბარი არ სურთ და მის ნაცვლად, წილოსანის შეფასებით, მოგონილ ფაქტებზე საუბრობენ, რომლის უკანაც არავითარი მტკიცებულება არ არსებობს.
“მარნეულის ფაქტთან დაკავშირებით მომენტალურად იქნა დახურული უბანი და შესაბამისი საგამოძიებო პროცესი წარმოებს. ასეთივე პროცესი იწარმოებს ყველა იმ შემთხვევაში, სადაც საჭირო არის რეაგირება. ყველა საჩივარი იქნება განხილული, ყველა საჩივარი სათანადოდ იქნება რეფერირებული და პასუხგაცემული. ამიტომ ვიცით, რომ არავითარი კომენტარი და რეაგირება არ იქნება იმიტომ, რომ ამ პროცესის პოზიტიურად წარმოჩენა არ არის მათ ინტერესში. ყველაფერი, რაც კეთდება, ეს არის ყურით მოთრეული და მოგონილი ფაქტების გასაჯაროება, რომელსაც უკან არ აქვს არანაირი მტკიცებულება“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.