ზოგიერთმა უცხოელმა კოლეგამაც კი გვითხრა ჩვენ, რომ უკვე თვალშისაცემია საგარეო დონეზე სალომე ზურაბიშვილის დესტრუქციული ქმედება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტმა ან თქვას, რომ ჭორაობდა, ან წარმოადგინოს მტკიცებულებები.
"სალომე ზურაბიშვილი უკვე საერთაშორისო დონეზე გახდა ცნობილი, რომ ბრალს დებს და შემდეგ მტკიცებულებებს არ წარადგენს. აშშ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანსაც მოუწია იმის ხაზგასმა, რომ თუ ბრალს დებთ, მტკიცებულებებიც უნდა წარადგინოო.
ჩვეულებრივად, ეს დღეები დაკავებულია დეზინფორმაციით. სხვათა შორის, ზოგიერთმა უცხოელმა კოლეგამაც კი გვითხრა ჩვენ, რომ უკვე თვალშისაცემია საგარეო დონეზე სალომე ზურაბიშვილის დესტრუქციული ქმედება, ერთის მხრივ ამ ინტერვიუების სახით... ტელეფონით შეწუხებული ჰყავს ნახევარი სამყარო და ურეკავს, რომ ჩამოიქცა ქვეყანა, ხან რას ამბობს და ხან რას.
გუშინ ნახეთ, რომ ის არ აპირებს მისცეს ჩვენება. სისხლის სამართლის სისტემის ახალი განმარტება მოგვცა. ამბობს, რომ მე დავაბრალე და ეს მათი ამოცანაა, რომ გამოიძიონო. მე ვთქვი, რომ ვიღაცაა სპილო და ახლა მათ მოიძიონ მტკიცებულებები, რომ ოთახშია სპილოო. რატომ უნდა მოვიტანო რაიმე მტკიცებულებაო. ეს თქვა გუშინ სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც წლები იყო პარლამენტის წევრი და წლებია არის საქართველოს პრეზიდენტი. ელემენტარულ სამართლებრივ საკითხშიც ვერ ერკვევა.
ან თქვას, რომ ჭორაობდა და ამით იყო დაკავებული საერთაშორისო პრესასთან და ძირს უთხრიდა ქართველების რეპუტაციას, ან წარმოადგინოს მტკიცებულებები. რომ ვერ მოიფიქრეს ვერც მოსყიდვის, ვერც სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, მეხუთე დღეს აღმოაჩინეს, რომ თურმე მელანს გაუჟონია. ეს არის ახლა მათი ხელმოსაჭიდი ხავსი. ჩვენ ვიყავით ამ არჩევნებზე, ჩვენ არ ვიცით, როგორ მივეცით ხმა და იყო თუ არა ჩვენი ხმა ფარული? ხომ არ შეიძლება ასე ნაცარი შეაყარო ხალხს თვალში. მეხუთე დღეს, ენჯეოებმა რომ ვერაფერი მოიფიქრეს, გამოვიდნენ და მორჩაო, მთლიანად უნდა გაუქმდეს , იმიტომ რომ მელანმა გაჟონაო. ეს არის ჩვეულებრივი თავდასხმა ქართველ ამომრჩევლებზე, იმისთვის, რომ წაართვან მათ არჩევანის უფლება.“ - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.