31 ოქტომბერი 2024,   19:32
ვრცლად
"წინ ვერავინ აღუდგება საქართველოს დამსახურებულ, ღირსეულ წინსვლასა და პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე" - რატი იონათამიშვილი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი "დღის კურიერის" ეთერში ევროკავშირის გაფართოების ანგარიშს გამოეხმაურა, სადაც საქართველოს კვლავ მოუწოდებენ გადადგას 9 ნაბიჯი, მათ შორის, გაიწვიოს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ" კანონები.

რატი იონათამიშვილის თქმით, ყველას მოუწევს პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეების არჩევანს.

"ამ ანგარიშს თუ შევხედავთ, არაერთი მიმართულებით არის საუბარი იმ პროგრესზე, რომელიც დღეს საქართველოს გააჩნია. რეალურად ასეც არის. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის, საქართველო არის აბსოლუტურად ყველა ობიექტურ კრიტერიუმში ლიდერი სახელმწიფო. ის, რომ ჩვენ ლიდერები ვართ, წლიდან წლამდე კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება. ამის წინაშე ყველას მოუწევს თვალის გასწორება.

რაც შეეხება ამ ორ კანონს, პროცესები ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპებიდან გამომდინარე არის უზრუნველყოფილი, იმით, რომ ხელისუფლება არის პასუხისმგებელი, პირველ რიგში, საკუთარი მოქალაქეების წინაშე და მათ დაკვეთას ასრულებს. აბა, ვინმემ გამახსენოს ყველაზე მასობრივი დაკვეთა რომელ ინიციატივას ჰქონდა ჩვენს ქვეყანაში?! - რა თქმა უნდა, ეს არის ოჯახური ღირებულებების დაცვის ინიციატივა, რომლის დროსაც თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა და მილიონზე მეტმა ადამიანმა დაუჭირა მხარი ამ ინიციატივის კანონად ქცევას.

ჩვენ გვესმოდა ასეთი განცხადებებიც, თუ მიხეილ სააკაშვილს არ გამოუშვებდნენ ციხიდან, მაშინ საქართველოს აღარ უნდა ეფიქრა წინსვლაზე ევროინტეგრაციის გზაზე. ამის შემდეგ ვნახეთ სტრასბურგის სასამართლოს მხოლოდ სამი გადაწყვეტილება, სადაც საქართველოს სახელმწიფო გამართლდა და გამტყუნდა მიხეილ სააკაშვილი. ისიც კარგად გვახსოვს, რომ სწორედ ამის შემდეგ მოხდა ის, რომ საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი. ამიტომ ყველა მოუწევს პატივი სცეს ჩვენი მოქალაქეებისა და საზოგადოების არჩევანს, გადაწყვეტილებებს და ის, რომ საქართველო ერთგულია ამ მისწრაფებების, ვფიქრობ, ეს პირველ რიგში, იმსახურებს იმას, რომ თითოეულმა აქტორმა პატივი სცეს ამ ყველაფერს და რასაკვირველია, წინ ვერავინ ვერ აღუდგება საქართველოს დამსახურებულ და ღირსეულ წინსვლასა და პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე, " - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

 

დღის ამბები