31 ოქტომბერი 2024,   23:28
ვრცლად
"ლელოს" დირექტივები საკუთარ დამკვირვებლებს - გასაჯაროებულია დახურული ჯგუფის მიმოწერას, ხაზარაძის "ძლიერი საქართველო" მტკიცებულებად არ აღიარებს

საარჩევნო პროცედურების ბოიკოტირება, მაქსიმალური რაოდენობის საჩივრები და ნეგატიური სტატისტიკის ხელოვნურად შექმნა - ეს იმ დირექტივების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც კოალიცია "ძლიერი საქართველო" არჩევნების დღეს, საკუთარ დამკვირვებლებს აძლევდა. მტკიცებულებები, ოზურგეთის საოლქო კომისიის წევრმა გაასაჯაროვა და კოალიციაც დატოვა. თამუნა შიოლაშვილმა სოციალურ ქსელში ჯერ დაწერა, რომ დირექტივებს, არჩევნებისთვის შექმნილ ჩატში გასცემდნენ. მოგვიანებით, კი მტკიცებულების სახით, დახურულ ჯგუფში არსებული მიმოწერაც გაასაჯაროვა.

გავრცელებული მიმოწერით ირკვევა, რომ საარჩევნო ჯგუფში დირექტივებს, "ლელოს" წევრი - გიორგი სიორიძე გასცემდა, რომელიც ამავდროულად ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრია. აღნიშნულ მიმოწერაში ჩანს ისიც, რომ სიორიძის მითითებებს სხვადასხვა საარჩევნო ოლქში გადანაწილებული დამკვირვებლებიც ემორჩილებოდნენ. მთავარი მოპასუხე, "კურიერის" შეკითხვებს დღეს მთელი დღის განმავლობაში თავს არიდებდა. დღის ბოლოს კი ამტკიცებს, რომ ყოფილი თანაგუნდელის ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება.

დამკვირვებლის და საოლქო კომისიის წევრის ბრალდებებს, კოალიციის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს, ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდი. ბარიერგადალახულ გაერთიანებებში კი მიიჩნევენ, რომ შიოლაშვილის მტკიცებულებები უმნიშვნელოა

სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ დამკვირვებლის მიერ წარმოდგენილმა მტკიცებულებებმა ოპოზიციის რეალური გეგმა კიდევ ერთხელ ამხილა. "ქართულ ოცნებაში" დარწმუნებული არიან, რომ ოპონენტების მიზანი, 26 ოქტომბრის არჩევნების დისკრედიტაცია იყო.

"ძლიერი საქართველო" ერთ-ერთია იმ 4 კოალიციას შორის, რომელმაც საარჩევნო ბარიერი გადალახა. ხაზარაძე, ჯაფარიძის გაერთიანებამ 26 ოქტომბრის არჩევნებზე, ამომრჩეველთა ხმების 8,8 მეათედი პროცენტი მიიღო.

დღის ამბები