31 ოქტომბერი 2024,   23:16
ვრცლად
ევროკავშირის გაფართოების ანგარიში - პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, გაფართოების ანგარიშში კრიტიკასთან ერთად, საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზეც არის საუბარი

ევროკავშირის გაფართოების შესახებ მომზადებულ მორიგ ანგარიშს, პარლამენტის თავმჯდომარემ სპეციალურ ბრიფინგზე გამოეხმაურა. შალვა პაპუაშვილი დოკუმენტს დადებითად აფასებს. მისივე თქმით, ანგარიშში ხარვეზებთან ერთად, პროგრესზეცაა საუბარი. პარლამენტის სპიკერის აცხადებს, რომ ქვეყანა ევროკავშირში წევრობის გზაზე სვლას განაგრძობს და ამიტომაც საქართველოს ევროინტეგრაცია ვერ შეჩერდება.

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ კონკრეტულ სფეროებში საქართველო მოლდოვას სოლიდურად უსწრებს, უკრაინას კი მხოლოდ სამი მიმართულებით ჩამორჩება. შალვა პაპუაშვილის თქმით, უპირატესობას ფლობენ ბოსნია ჰერცეგოვინასთანაც. რაც შეეხება უშუალოდ საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებულ შეფასებას - ევროკომისიაში მიიჩნევენ, რომ სტატუსის მიღების შემდეგ ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესისთვის საკმარისი ძალისხმევა არ გატარებულა. ქვეყნის ევროპული ტრაექტორია კი "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ", "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის", გენდერული კვოტირების შესახებ მიღებულმა კანონებმა და ევროკავშირის საწინააღმდეგო ნარატივმა შეცვალა. ევროკომისიის რეკომენდაციაა, გაუქმდეს სადაო კანონები. ანგარიშში მოხვდა 26 ოქტომბრის არჩევნებიც. ევროკომისია ეუთო/ოდირის დასკვნას ეყრდნობა და ძირითად დარღვევებად ხმის ფარულობის დაცვაზე, პროცედურულ შეუსაბამობებზე, დაშინებასა და ამომრჩეველზე ზეწოლის შესაძლო შემთხვევებზე საუბრობს. ევროკავშირი საქართველოსგან საკვანძო რეფორმებს მოლოდინშია. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ევროკომისია არ იქნება მზად განიხილოს მოლაპარაკებების გახსნა.

ევროკომისიის ანგარიშს ნეგატიურს უწოდებენ ოპოზიციაში. მმართველი პარტიის ოპონენტები მოლაპარაკებების გახსნის დაპაუზებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.

ევროკავშირში ინტეგრაცია რომ რთული პროცესია, ეს "ქართულ ოცნებაში" დღეს არაერთხელ თქვეს. თქვეს ისიც, რომ შეისწავლიან და დაამუშავებენ კრიტიკულ მოსაზრებებს, თუმცა რეკომენდაციებს ქვეყნის ინტერესების შესაბამისად შეასრულებენ.

ევროკავშირის გაფართოების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოქვეყნებულია. გაწერილი რეკომენდაციები ახლა ევროკავშირის საბჭომ უნდა განიხილოს.

დღის ამბები