02 ნოემბერი 2024,   18:10
ვრცლად
ირაკლი კობახიძე - ყველა პარამეტრით  ათი თავით მაღლა ვართ ყველა კანდიდატ ქვეყანაზე, მაგრამ ფორმალურად ვართ ნახევარი ნაბიჯით უკან  - უსამართლობაა, თუმცა მომავალი წლიდან ურთიერთობები გადაიტვირთება და სამართლიანობაც სრულად აღდგება

ყველა პარამეტრით  ათი თავით მაღლა ვართ ყველა კანდიდატ ქვეყანაზე, მაგრამ ფორმალურად ვართ ნახევარი ნაბიჯით უკან  - უსამართლობაა, თუმცა მომავალი წლიდან ურთიერთობები გადაიტვირთება და სამართლიანობაც სრულად აღდგება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს პროცესი ინტენსიურად  მომავალი წლის პირველი კვარტლიდან დაიწყება.

"ჩვენ სულ უფრო მეტად ვუახლოვდებით ურთიერთობების გადატვირთვას ჩვენი არჩევნები უკვე ჩატარდა, მალე შეიკრიბება პარლამენტი, ჩამოყალიბდება მთავრობა, ასევე მალე დასრულდება ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები ასევე, ვფიქრობთ, რომ უკრაინაში ომი იმაზე ადრე დასრულდება, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო ნაკლებად ოპტიმისტური პროგნოზი. სავსებით რეალურია იანვარ-თებერვალში ამ ომის დასრულება. როგორც კი ეს ყველაფერი მორჩება, ძალიან სწრაფად გადაიტვირთება ურთიერთობები. შეიცვლება ინტერესები და გადაიტვირთება ურთიერთობები. აქედან გამომდინარე, არის 2-3 თვე მოსაცდელი, თუმცა გადატვირთვის ნიშნები უფრო ადრეც გამოჩნდება, რაც შეეხება თვისობრივ გადატვირთვას, მგონია, რომ ეს ყველაფერი ინტენსიურად დაიწყება მომავალი წლის პირველი კვარტლიდან.

ჩვენ ვუსწრებთ კანდიდატ ქვეყნებს. თვითონვე აღიარეს, გამოაქვეყნეს შეფასება. მოლდოვას, ბოსნიას მნიშვნელოვნად ვუსწრებთ. რა შეეხება უკრაინას, უკრაინა რაღაცეებში, მაგალითად, ენერგეტიკის სფეროში გვისწრებს, გაუგებარია, რა იგულისხმება ამაში. ამ ომმა უკრაინას გაუნადგურა გენერაციის ზუსტად ნახევარი. რასაც გამოიმუშავებდა უკრაინის ელექტროენერგიის სისტემა, ზუსტად იმის ნახევარი გაუნადგურა ომმა. შეიძლება ტექნიკური მახასიათებლებით არის უფრო მეტად ახლოს ევროკავშირთან უკრაინა, მაგრამ რაც შეეხება ამ სფეროს, ზოგადად, სხვა სფეროებს, ცა და დედამიწაა ის მონაცემები, რაც ჩვენ გვაქვს და რაც აქვს სხვა კანდიდატ ქვეყნებს. რეალურად ყველამ ყველაფერი იცის, იქნება ეს დემოკრატია, ადამიანის უფლებები, არჩევნები. თქვენ ნახეთ, უმძიმესი არჩევნები ჩატარდა მოლდოვაში. უკრაინაში საერთოდ აღარ ტარდება არჩევნები, პარტიებს კრძალავენ ერთმანეთის მიყოლებით. დამოუკიდებელი ტელევიზიები საერთოდ არ დატოვეს. მოლდოვაში არის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი და მეორე არხი. პირდაპირ უწერია ოდირს ანგარიშში, რომ მთლიანად ხელისუფლების სასარგებლო პროპაგანდით იყო, მათ შორის საარჩევნოდ დაკავებული ეს ორი არხი. ანუ, აღარ არსებობს დამოუკიდებელი ტელევიზიები. დემოკრატიის კუთხით, მედიაპლურალიზმის კუთხით რა მდგომარეობაც გვქონდა ჩვენ 2012 წლამდე, დაახლოებით, იგივე ვითარებაა. დამოუკიდებელი ტელევიზია არ არის, მაგრამ იქ უკეთესი მედიაპლურალიზმია, პარტიებს კრძალავენ, მაგრამ იქ უკეთესი პოლიტიკური პლურალიზმია. ოპოზიციონერი არ დატოვეს პრაქტიკულად პარლამენტში, ისე წაიყვანეს პროცესები, მაგრამ იქ მეტია პოლიტიკური პლურალიზმი. არჩევნებზეც, იქ ნახეთ რა მოხდა, ათასი უბედურება და იქ კარგი არჩევნები ჩატარდა და ჩვენთან არ ვიცით, კარგი არჩევნები ჩატარდა თუ არა. ეს არის უსამართლო მიდგომა. იგივე ეხება ევროინტეგრაციის საკითხების შეფასებასაც. ყველა პარამეტრით ვართ ათი თავით მაღლა ყველა კანდიდატ ქვეყანაზე, მაგრამ ფორმალურად ნახევარი ნაბიჯით უკან ვართ ჩვენ მოლდოვაზე, უკრაინაზე, ბოსნიაზე და ა.შ. ეს არის უსამართლობაა თუმცა მომავალი წლიდან ურთიერთობები გადაიტვირთება და ვფიქრობ, რომ სამართლიანობაც სრულად აღდგება“, - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები