08 დეკემბერი 2024,   03:09
ვრცლად
ეგზიტპოლის შედეგების მიმართ არჩევნების დასრულებიდან 7 დღის შემდეგაც არაერთი კითხვა არსებობს - სახელისუფლებო გუნდის პოზიცია

არჩევნების ეგზიტპოლის შედეგების მიმართ, არჩევნების დასრულებიდან 7 დღის შემდეგაც კითხვები ჯერ კიდევ არსებობს. სოციალური ქსელის მოხმარებლებს აინტერესებთ, როგორ მოახერხა ოპოზიციამ ეგზიტპოლის მონაცემებით, სახელისუფლებო პარტიაზე მეტი პროცენტული მაჩვენებლის აღება მაშინ, როდესაც, ოპონენტების მტკიცებით, მათ მხარდამჭერებს პირადობებს ართმევდნენ.

"ნაციონალური მოძრაობის" მისამართით გაჩნდა შეკითხვაც - როგორ მიიღეს ამ პირებმა გამოკითხვაში მონაწილეობა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე? სააკაშვილის პარტიისთვის საკითხი არასერიოზულია. ამტკიცებენ, რომ ეგზიტპოლის მონაცემები რეალურია.

ეგზიტპოლებთან დაკავშირებული კითხვა ლოგიკურია სახელისუფლებო პარტიისთვის, სადაც ამბობენ, რომ გაჟღერებული ბრალდებები პირადობების სავარაუდო ჩამორთმევაზე, უსაფუძვლო და უარგუმენტო იყო. "ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ ოპოზიციის მხრიდან ეგზიტპოლის შედეგების რეალურ განწყობებთან გაიგივება არასერიოზულია.

შესაძლო საარჩევნო დარღვევების გასაჯაროებას და პროკურატურისთვის მტკიცებულებების წარდგენას სახელისუფლებო პარტია ოპოზიციას, არჩევნების მეორე დღიდან მოუწოდებს, ხელისუფლების ოპონენტები კი საგამოძიებო უწყებას უნდობლობას უცხადებენ და საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვენ. სამი კოალიციური გაერთიანება დღეს სხვადასხვა ქვეყნების დიპლომატიური სამსახურების წარმომადგენლებსაც შეხვდა.

როგორც სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, ოპოზიციის მხრიდან გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი ადასტურებს, რომ მათ ოპონენტებს მტკიცებულებები არ გააჩნიათ.

პროკურატურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის 47 საქმეზე მიმდინარეობს.

ძალოვანი უწყებების ცნობით, პირები, რომლებიც საჯაროდ აცხადებენ, რომ ფლობენ ინფორმაციას და მტკიცებულებებს არჩევნების პროცესში ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებთან დაკავშირებით, ამ დრომდე არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან და უარს აცხადებენ შესაბამისი ინფორმაციის მოწოდებაზე.

დღის ამბები