08 დეკემბერი 2024,   04:14
ვრცლად
რუსეთის თავდასხმის სამიზნე ისევ მშვიდობიანი მოსახლეობაა - ხარკოვში 9 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი სარაკეტო იერიშის შედეგად ჩამოიშალა

რუსეთის თავდასხმის სამიზნე ისევ მშვიდობიანი მოსახლეობაა. სარაკეტო იერიშის შედეგად ხარკოვში ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოიშალა, მაშველებმა ნანგრევებიდან ბავშვის ცხედარი გამოიტანეს. კიდევ ერთი 11 წლის ბიჭი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ სიცოცხლესთან შეუსაბამო დაზიანების გამო გარდაიცვალა. დაჭრილია 29 მოქალაქე.

თავდასხმის შემდეგ მეხანძრე-მაშველებმა, განადგურებული კორპუსიდან მოქალაქეები გამოიყვანეს. ნაწილი ჰოსპიტალიზებულია, ნაწილი კი ევაკუაციას ელოდება. უკრაინის ქალაქებზე თავდასხმის პარალელურად, რთულია ვითარება ფრონტის ხაზზე. CNN წერს, რომ კურსკის ოლქში 8 000-მდე ჩრდილოეთკორეელი, სავარაუდოდ, უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში ამ დღეებში ჩაებმება.

ოფიციალური კიევი დასავლეთს აკრიტიკებს და უმოქმედობაში ადანაშაულებს. ზელენსკის ინფორმაციას ვაშინგტონშიც ადასტურებენ. ამერიკის სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ რუსეთში უკვე იმყოფება 10 000-მდე ჩრდილოეთკორეელი სამხედრო, რომელიც სავარაუდოდ ამ დღეებში უკრაინის წინააღმდეგ დაიწყებს ბრძოლას.

კიევს და ვაშინგტონს დღეს მოსკოვში უპასუხეს. რუსეთში ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვს შეხვდა. მხარეებს სამხედრო თანამშრომლობის გეგმებზე არაფერი უთქვამთ, თუმცა დაადასტურეს, რომ მათი თანამშრომლობა უკრაინის, ნატოს და ამერიკის წინააღმდეგ იქნება მიმართული.

ჯერჯერობით უცნობია თუ რა ნაბიჯების გადადგმას აპირებენ უკრაინის მოკავშირეები. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარემ მაიკ ტერნერმა განაცხადა, რომ კონგრესმა რუსეთის ტერიტორიაზე ჩრდილოეთ კორეელებზე დარტყმის გეგმა უნდა შეიმუშაოს.

დღის ამბები