04 დეკემბერი 2024,   23:23
ვრცლად
პრეზიდენტი ელჩებს აკრიტიკებს - მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი საკუთარ ქვეყანას მიზანმიმართულად აზიანებს

"ქართული ოცნებისთვის", ყოფილი დიპლომატის, არადიპლომატიური ტონი და ის განცხადებაა მიუღებელი, სადაც სალომე ზურაბიშვილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აკრედიტებულ ქართველ ელჩებს, კონსულებსა და დესპანებს პოზიციის საჯაროდ გამოხატვისკენ მოუწოდებს. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ პრეზიდენტი, საკუთარ ქვეყანას მიზანმიმართულად აზიანებს.

დადუმებული, გაქვავებული, გამქრალი და დამალული - ამ ეპითეტებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ქართველ დიპლომატებს და ისინი სოციალური ქსელით ღიად გააკრიტიკა. საკუთარ "ფეისბუკ" გვერდზე დაწერა, რომ დიპლომატის დღეს ვერავის მიულოცავს, რადგან მათი უმრავლესობა დუმილით ხვდება და არ აპროტესტებს ხელისუფლების პოლიტიკას.

სალომე ზურაბიშვილის ბრალდებები დროული, შეურაცხმყოფელი ეპითეტები კი გამართლებულია, ოპოზიციური პარტიებისთვის. ხელისუფლების ოპონენტები პრეზიდენტის მსგავსად ამბობენ, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი საფრთხეშია, დიპლომატების დუმილი კი საერთაშორისო ასპარეზზე, ქვეყნის პერსპექტივას აზიანებს.

პრეზიდენტი, რომელმაც კონსტიტუცია არაერთხელ დაარღვია, თანამდებობას იმპიჩმენტის პროცედურით დატოვებს- "ქართული ოცნება" პირობას დებს, რომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დარღვევისთვის და დიპლომატებზე თავდასხმისთვის პასუხს აგებს.

დიპლომატის დღე საქართველოში ბოლო 20 წელია, ყოველი წლის 3 ნოემბერს აღინიშნება. პრეზიდენტმა ქართველ ელჩებს პროფესიული დღე არ მიულოცა და ისინი ღიად გააკრიტიკა.

დღის ამბები