ვალენსიის სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორიაში უკვე რამდენიმე დღეა, სპეციალისტები ცხედრების იდენტიფიცირებას დნმ ტესტის მეშვეობით ცდილობენ. ადგილობრივი მედია წერს, რომ მასობრივი მსხვერპლის თავიდან აცილება შესაძლებელი გახდებოდა თუ მეტეოროლოგები წყალდიდობის მოსალოდნელი საფრთხის შესახებ წინასწარ გაფრთხილებას გაავრცელებდნენ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები დროულად იმოქმედებდნენ.
მთავრობის უმოქმედობის გამო საკუთარი უკმაყოფილება ვალენსიის დაზარალებულ შემოგარენში ჩასულ ესპანეთის მეფეს ფილიპე მეექვსეს, დედოფალს და პრემიერ-მინისტრს პედრო სანჩესს მოქალაქეებმა ტალახის და ქვების სროლით აჩვენეს.
მას შემდეგ, რაც ესპანეთის პრემიერს სტიქიით დაზარალებული რეგიონი მოსახლეობამ პროტესტის ფონზე დაატოვებინა. ესპანეთის პრემიერმა დაზარალებულებს პროტესტის გამოხატვის ამ ფორმის გამო, მარგინალები უწოდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით ესპანეთის სამ რეგიონში წყალდიდობას 217 ადამიანი ემსხვერპლა. სამაშველო ოპერაცია გრძელდება, მაშველები დატბორილ შენობებში და ავტომობილებში გარდაცვლილი მოქალაქეების ცხედრებს პოულობენ. დაკარგულად ითვლება ასობით მოქალაქე.
დღეს, როდესაც წყლის დონემ კლება დაიწყო, წყალდიდობით გამოწვეული ნგრევის მასშტაბი გამოჩნდა. განადგურებულია საქალაქთაშორისო მაგისტრალები, ხიდები, წყალმა წაიღო ქალაქების რაიონები და დასახლებები. მოსახლეობას არ მიეწოდება სასმელი წყალი, გათიშულია ელექტრომომარაგება და კავშირგაბმულობა. ცალკეულ დაზარალებულ რაიონებში ჩასვლას მაშველები ვერ ახერხებენ.