24 დეკემბერი 2024,   22:15
ვრცლად
საარჩევნო ადმინისტრაცია მორიგი დისკრედიტაციული კამპანიის შესახებ განცხადებას ავრცელებს

გრძელდება 26 ოქტომბრის არჩევნების და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის კამპანია. დაინტერესებული მხარეები უსაფუძვლო ბრალდებებით ცდილობენ შექმნან აღქმა, თითქოს საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან რაიმე კანონდარღვევას ჰქონდა ადგილი. ეს ხდება იმ ფონზე, როცა საარჩევნო ადმინისტრაციამ შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაულების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე მიმართა პროკურატურას გამოძიების დაწყების თხოვნით.

მას შემდეგ რაც საარჩევნო ადმინისტრაციამ პასუხი გასცა ყველა იმ მანიპულაციურ ინფორმაციასა თუ ბრალდებას, რაც საარჩევნო პროცესთან მიმართებაში არჩევნების დღიდან ამ დრომდე გაჟღერდა, დაინტერესებული მხარეები კონკრეტული პერსონების ბრალეულობაზე იწყებენ საუბარს. საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეები, მათ შორის ზოგიერთი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაუსაბუთებელი ბრალდებებით ამჯერად ცესკოს ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ და ირწმუნებიან, თითქოს მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა დანაშაულის ჩადენის ფაქტს. ამ კამპანიაში ჩართული სადამკვირვებლო ორგანიზაციები მხოლოდ ზეპირსიტყვიერი, უსაფუძვლო ბრალდებებით შემოიფარგლებიან და ინფორმაციით მანიპულირებენ.  

საარჩევნო ადმინისტრაცია როგორც ყოველთვის მოწოდებულია უზრუნველყოს გამჭვირვალობა და საზოგადოების ზუსტი ინფორმირება არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე. ამ სულისკვეთებით, მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს, განსაკუთრებით მათ, ვინც ამტკიცებს რაიმე სახის გადაცდომას, წარუდგინონ თავიანთი მტკიცებულებები შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს. ამის გაკეთება არა მხოლოდ საფუძვლიანი შემოწმების საშუალებას იძლევა, არამედ პატივს სცემს სამართლებრივ და დემოკრატიულ პროცესებს, რომლებიც დაწესებულია ამგვარი პრეტენზიების განსახილველად. 

ასეთი მტკიცებულებების არარსებობის შემთხვევაში, ამ ბრალდებების ავტორთა მიზნები საეჭვო ხდება. დასაბუთების გარეშე, ეს პრეტენზიები საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და საარჩევნო პროცესისადმი ნდობის შელახვის საფრთხეს წარმოადგენს. გარდა ამისა, უსაფუძვლო ბრალდებები შეიძლება ემსახურებოდეს პოლიტიკურ ინტერესებს, რომლის მიზანსაც საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელებზე და თანამშრომლებზე უსამართლო ზეწოლის განხორციელება წარმოადგენს. 

თუ მიზანი ნამდვილად არის დემოკრატიული პრინციპების დაცვა, მაშინ პრიორიტეტი უნდა იყოს გამჭვირვალობა, საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობა და სათანადო პროცესის პატივისცემა. საარჩევნო ადმინისტრაცია რჩება ღია და ერთგული ნებისმიერი ჭეშმარიტი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული გამოძიების მიმართ და თვლის, რომ შეცდომაში შეყვანისა და დისკრედიტაციის მცდელობები შეუსაბამოა დემოკრატიულ ღირებულებებთან და სამართლიანი არჩევნებისადმი საზოგადოების ნდობის შემცირებას ისახავს მიზნად.

ამასთან, ყველას შევახსენებთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით სხვადასხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების, მათ შორის ეუთო/ოდირის, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI), „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI), „არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელის“ (ENEMO),  „ევროპული პლატფორმა დემოკრატიული არჩევნებისათვის“ (EPDE)  მიერ არჩევნების ადმინისტრირება დადებითად შეფასდა. ასევე, დადებითად არის შეფასებული წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ  განხორციელებული არაერთი საქმიანობა. 

 

 

 

(R)

დღის ამბები