არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ოპოზიციის ლიდერების პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებას, გია ვოლსკი ეხმაურება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ამბობს, რომ ოპოზიციას მტკიცებულებები არ აქვს, თუკი რაიმე მასალა აქვთ, ის საზოგადოებას გააცნონ.
"განცხადებული იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ათასობით მტკიცებულებები გააჩნია ე.წ. ოპოზიციას, უფრო სწორად, შეთქმულთა გუნდს, რომ გაყალბდა არჩევნები. ამ თემით ისინი მანიპულირებდნენ, უნდოდათ ამ რევოლუციური პროცესის განვითარება, არ გამოუვიდათ და რასაკვირველია, ახლა უკან დახევა საკმაოდ რთულია. აქედან გამომდინარეობს ყველა განცხადება, რომელიც ეხება პროკურატურისადმი უნდობლობას. რა უნდობლობაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, თუ მასალა გაქვს, დადე ეს მასალა. ან საზოგადოებას გაანდე, არ არის აუცილებელი რომ ენდობოდე, შემდეგ შევხედოთ, გამოიძიებს თუ არ გამოიძიებს და რამდენად ობიექტურად გამოიძიებს პროკურატურა ამ მასალას," - აცხადებს გია ვოლსკი.