დასავლელი ლიდერების პირობა, საქართველოში განხილვის საგანია - საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის პირველი პირები ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებას მხარს იმ შემთხვევაში დაუჭერენ, თუ სადაო კანონები გაუქმდება. ასეთია შოლცის, მაკრონის და ტუსკის წინადადება.
უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონების გაუქმებისკენ მოწოდება ოპოზიციისთვის მისაღებია. აცხადებენ, რომ ნებისმიერი კანონის გაწვევა, გაუქმება და გადახედვა უნდა მოხდეს, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესისთვის ბარიერი იქნება.
"ჩვენ როდესაც საარჩევნო კამპანიას ვაწარმოებდით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადი იყო, რომ როგორც კი მოგვეცემა საშუალება კოალიციური ხელისუფლების და კოალიციური მთავრობის, ამ ე.წ. გამჭვირვალობის კანონს აუცილებლად გავაუქმებდით. ამიტომ, ეს არის სწორი მოწოდება და თუ საქართველოს სურს, რომ წავიდეს ევროატლანტიკური გზით და ეროვნული ინტეგრაციით, მას უნდა ჰქონდეს საერთაშორისო სტანდარტის კანონები," - აცხადებს კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიგი წერეთელი.