24 დეკემბერი 2024,   22:00
ვრცლად
კარგია, რომ არსებობენ ევროპარლამენტის ისეთი წევრები, რომლებიც ფაქტებს აღიქვამენ რეალურად და არ ცდილობენ ნეგატიურ კამპანიაში იყვნენ ჩართულები, როგორც ეს სურს იმ აგენტურას, რომელსაც კოლექტიურ "ნაცმოძრაობას" ვუწოდებთ - არჩილ გორდულაძე

"კარგია, რომ არსებობენ ისეთი პოლიტიკოსები და ევროპარლამენტის ისეთი წევრები, რომლებიც ფაქტებს აღიქვამენ რეალურად და არ საუბრობენ მხოლოდ და მხოლოდ აღქმების შესახებ", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

მისივე შეფასებით, არსებობენ ცალკეული ევროპარლამენტარები, რომლებიც საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებით გამოირჩევიან.

"რეზოლუციები, რომელიც ევროპარლამენტში მიიღება, ამ ბოლო დროს, საქართველოსთან დაკავშირებით, გამორჩეულია ჩვენი ქვეყნის მიმართ უსამართლო დამოკიდებულებით. ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორ ითხოვდნენ ევროპარლამენტარები ჩვენი ქვეყნისგან დამნაშავე და მწამებლური რეჟიმის შემქმნელის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. კარგად გვახსოვს, ასევე, როგორ ითხოვდნენ ჩვენ დაგვეწესებინა სანქციები რუსეთისთვის, რაც თავისთავად გულისხმობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლას. ეს არის ცალკეული პარლამენტის წევრების განცხადებები და მათ არავითარი შედეგი არ მოაქვს ხოლმე. მთავარია კომისიების გადაწყვეტილებები და დამუქრება, თითის ქნევა, თითქოს ქართველ ხალხს დასჯიან და იმ ბენეფიტს, რასაც ჰქვია ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილება, საფრთხე შეიძლება შეექმნას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ არ აირჩიეთ ის ძალა, რომელიც ჩვენ მოგვეწონებოდაო, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იქნებოდა ორმაგი, სამმაგი და ათმაგი სტანდარტი.

კარგია, რომ არსებობენ ისეთი პოლიტიკოსები და ევროპარლამენტის ისეთი წევრები, რომლებიც ფაქტებს აღიქვამენ რეალურად და არ საუბრობენ მხოლოდ და მხოლოდ აღქმების შესახებ. არ ცდილობენ, რომ ნეგატიურ კამპანიაში იყვნენ ჩართულები, როგორც ეს ძალიან უნდა ჩვენს ქვეყანაში არსებულ ოპოზიციას და იმ აგენტურას, რომელსაც კოლექტიურ "ნაცმოძრაობას" ვუწოდებთ," - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დისკუსია გაიმართა. ევროპელმა კანონმდებლებმა საპარლამენტო არჩევნების შედეგებსა და მასში რუსეთის სავარაუდო ჩარევის შესახებ იმსჯელეს. განიხილეს არჩევნების შემდეგ ქვეყანაში არსებული ვითარებაც. საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციას ევროპარლამენტარები კენჭს 25-28 ნოემბრის პლენარულ სესიაზე უყრიან.

არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევა, დარღვევები, გამოძიების მნიშვნელობა და ორი კანონის უკან გაწვევა - ეს იყო ძირითადად კრიტიკული განცხადებების შინაარსი, თუმცა იყო პოზიტიური შეფასებებიც, მათ შორის, ითქვა, რომ არჩევნები იყო სამართლიანი და ის, რომ პატივი უნდა სცენ უმრავლესობის ნებას.

დღის ამბები