როგორც ჩანს, ევროპარლამენტის წევრი, მიხაელ გალერი, რომელიც "ქართული ოცნების" ხელისუფლების განსაკუთრებულად მძაფრი და აბსურდული კრიტიკით გამოირჩევა, არ გააფრთხილეს, რომ საქართველოს შემთხვევაში გვაქვს საქმე უპრეცედენტო მოვლენასთან, რადგან საქართველოში პარალელური ხმის დათვლის მონაცემები არ ქვეყნდება, - განაცხადა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
"თავად განსაჯეთ, რასთან გვაქვს საქმე, როდესაც გალერი, სიმართლის დასადგენად, გუშინდელი განცხადებით, ითხოვს, პარალელური ხმის დათვლის მონაცემებთან ცესკო-ს მონაცემების შედარებას.
ამ ფონზე, რაც უნდა პარადოქსულად ჩანდეს, არჩევნებიდან უკვე 24 დღეა გასული და ISFED-ს ჯერ კიდევ არ გამოუქვეყნებია პარალელური ხმის დათვლის მონაცემები და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, იმ აბსურდული განცხადებების კეთებას, რომ 10 უბანზე თუ 11 უბანზე დაირღვა ბალანსი, ვერ დათვალა ვიღაცამ ქალების და კაცების რაოდენობა, რაც გავლენას საერთოდ არაფერზე ახდენს, ამ გენდერულ დისბალანსზე აპელირებას, ჯობია, მათ გამოაქვეყნონ ქვეყნის მასშტაბით პარალელური ხმის დათვლის მონაცემები, ველოდებით", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.