19 ნოემბერი 2024,   14:18
ვრცლად
როგორ განვითარდა პროცესები თბილისის ცენტრში დილიდან ამ დრომდე - მელიქიშვილზე დილიდან რამდენიმე დაპირისპირება მოხდა პოლიციასა და პროტესტის მონაწილეებს შორის

მელიქიშვილზე დილიდან რამდენიმე დაპირისპირება მოხდა პოლიციას და პროტესტის მონაწილეებს შორის - სამართალდამცველები გზის გათავისუფლებას ცდილობდნენ, შეკრებილები კი ცდილობდნენ, დარჩენილიყვნენ ადგილზე, ნაწილმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია - ამის გამო, რამდენიმე მათგანი დააკავეს. ტერიტორიაზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადები - საჭირო გახდა რამდენიმე მოქალაქის კლინიკაში გადაყვანა. განმარტებები გააკეთა შსს საპატრულო პოლიციის დირექტორის მოადგილემ - კახა ბუხრაძის თქმით, აქციის მონაწილეების ნაწილი დააკავეს ადმინისტრაციული წესით, ამის მიზეზი კი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა გახდა.

სამართალდამცველები ჭავჭავაძის გამზირზე დილის 7:00 საათისთვის გამოჩნდნენ. აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თბილისის მერიის წარმომადგენლებმა გააფრთხილეს და მათ გზის გახსნისკენ მოუწოდეს. დაკავებული ტერიტორიის გასათავისუფლებლად, პროტესტის მონაწილეებს 15-წუთიანი ვადა მისცეს. ამ გაფრთხილებას წინ უძღოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, სადაც ვკითხულობთ, რომ დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა.

დემონსტრანტებმა გაფრთხილება არ გაითვალისწინეს. ჭავჭავაძის ქუჩაზე ბარიკადები აღმართეს. ტერიტორიაზე მიიტანეს ნაგვის ურნები, გზა ქვიშით სავსე ტომრებით ჩახერგეს. აქციის მონაწილეებმა, სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოსთან კარვები დაყარეს და მათ ცეცხლი წაუკიდეს. თან ჰქონდათ აირწინაღებიც. ოპოზიციის ლიდერებმა კი შეკრებილებს მიმართეს და მოუწოდეს მათ უფრო მეტი წინააღმდეგობა გაეწიათ სამართალდამცველებისთვის.

ამის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები მოქმედებაზე გადავიდნენ. სამართალდამცველებმა მალევე აიღეს კარვებიც. ტერიტორიაზე გამოჩნდა სპეცდანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის მანქანაც, თუმცა მათ შეკრების ადგილი მალევე დატოვეს. საპატრულო და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა, ვერისა და ვაკის დამაკავშირებელი გზაჯვარედინი დაიკავეს. ევაკუატორებით გაიყვანეს ის მანქანებიც, რომლებსაც აქციის მონაწილეები გზის ჩასაკეტად იყენებდნენ. მერიის შესაბამისმა სამსახურებმა კი ტერიტორიის დასუფთავება დაიწყეს.

მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა ტერიტორია დაიკავეს, აქციის მონაწილეების დიდი ნაწილმა გამთენიისას მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლა. დემონსტრანტები სამართალდამცველებისთვის ხედვის არეალის შეზღუდვას ცდილობდნენ და მათ წინააღმდეგ აქტიურად იყენებდნენ ლაზერებს.

მას შემდეგ რაც დემონსტრანტებმა უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან მელიქიშვილზე გადაინაცვლეს, სამართალდამცველებმა მათ მალევე, კიდევ ერთხელ, მოუწოდეს ტერიტორია გაეთავისუფლებინათ. იყო დაპირისპირების რამდენიმე ეპიზოდი.

სამართალდამცველებს, რომლებიც გზის სავალი ნაწილის გასუფთავებას ცდილობდნენ, შეკრებილებმა წინააღმდეგობა გაუწიეს. საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფაც. საჭირო გახდა რამდენიმე ადამიანის კლინიკაში გადაყვანა.

დაპირისპირების შედეგად, ადმინისტრაციული წესით, სულ დააკავეს 16 ადამიანი. მათგან 3 ხელწერილით გაათავისუფლეს.

მელიქიშვილის გამზირზე რჩებიან ოპოზიციის წარმომადგენლებიც, რომლებიც საკუთარ მხარდამჭერებს მოუწოდებენ, მათ მიერ პარალიზებულ ქუჩაზე მივიდნენ.

დღის ამბები