20 ნოემბერი 2024,   13:29
ვრცლად
"ერთა ლიგაში" სწორედ იქ ვართ, სადაც უნდა ვიყოთ, "ბ" ლიგაში პირველად ვითამაშეთ და თითოეულ მეტოქესთან ღირსეულად ვიასპარეზეთ" - ვილი სანიოლი ჩეხეთთან მატჩის შემდეგ

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ჩეხეთთან გამართული მატჩი შეაფასა, სადაც საქართველო 2:1 დამარცხდა.

სანიოლის განმარტებით, როდესაც ჩეხეთის დონის გუნდთან ორბურთიანი სხვაობით მარცხდები, რთულია თამაშის მიმდინარეობის შეცვლა.

"პირველი ტაიმი შესაბამის დონეზე არ ჩაგვიტარებია. იყო ტექნიკური ხარვეზები, გვაკლდა აგრესიულობა. როდესაც ასეთი დონის გუნდთან ორბურთიანი სხვაობით მარცხდები, რთულია თამაშის მიმდინარეობის შეცვლა. ვეცადეთ, გამოვიყენეთ სხვადასხვა ტაქტიკური მონახაზი, თამაშში ბევრი შემტევი ფეხბურთელი ჩაერთო, თუმცა ვერ შევძელით მატჩის გადარჩენა.

ერთა ლიგაში სწორედ იქ ვართ, სადაც უნდა ვიყოთ. "ბ" ლიგაში პირველად ვითამაშეთ და თითოეულ მეტოქესთან ღირსეულად ვიასპარეზეთ. ვფიქრობ, თუ უმაღლეს საფეხურზე გვსურს ასვლა, არის გარკვეული დეტალები, რომელთა გაუმჯობესება გვმართებს. განსაკუთრებით, მატჩების სასტარტო წუთები, რადგან ბოლო პერიოდში ეს პრობლემა იყო ჩვენთვის. გვაკლდა კონცენტრაცია. თუმცა, სწორედ ეს არის სხვაობა ჩვენსა და უმაღლესი დონის გუნდებს შორის. სწორედ ეს დეტალებია, რაც გამარჯვების უფრო მეტ შანსს მოგვცემს. ამაზე უნდა ვიმუშაოთ მომავალში, რადგან შესანიშნავი განვითარება გვაქვს და გვსურს, რომ მეტისთვის ვიბრძოლოთ. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამის შესაძლებლობა გვაქვს. მეტი უნდა ვიშრომოთ, რომ მომავალში წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ", - განაცხადა სანიოლმა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა დაასრულა. წლის დასკვნით შეხვედრაში, ჩვენი გუნდი ჩეხეთის ნაკრებთან, ოლომოუცში, მინიმალური სხვაობით, 2:1 დამარცხდა.

დღის ამბები