"ქართველი, არამხოლოდ გენეტიკური თვალსაზრისით, სულით და გულით" - უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განმარტებით, პრეზიდენტობის კანდიდატი სწორედ ამ თვისებებით გამოირჩევა. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მიხეილ ყაველაშვილი მხოლოდ საკუთარი ხალხისა და სამშობლოს ინტერესებს მოემსახურება.
"ქართულ ოცნებაში" დარწმუნებულები არიან, რომ მომავალი პრეზიდენტი ზეპარტიული ლიდერი იქნება.
საპრეზიდენტო არჩევნებისადმი ოპოზიციის დამოკიდებულება არ იცვლება. მმართველი გუნდის ოპონენტები საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილებას არ აღიარებენ და ამბობენ, რომ არსებული პარლამენტის თანამონაწილეობით არჩეული პრეზიდენტი არალეგიტიმური იქნება.
მმართველი გუნდი კი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება. მომდევნო ხუთი წლის ვადით, პრეზიდენტს 300 წევრისგან დაკომპლექტებული კოლეგია შეარჩევს. კოლეგიაში შედიან პარლამენტის 150-ვე დეპუტატი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს 20, აჭარის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი - 21 დეპუტატი და მუნიციპალიტეტების საკრებულოების 109 წარმომადგენელი, იმ პროპორციულობითა და თანაფარდობით, რომლებიც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად განისაზღვრა. კოლეგიაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 20 ხმის გამოკლებით, 280 მანდატიდან 156-ს "ქართული ოცნება" ფლობს. 124 მანდატი კი სხვა პარტიებზეა გადანაწილებული. პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრისგან შემდგარ ჯგუფს. საპარლამენტო უმრავლესობა, პრეზიდენტის არჩევის ახალ მოდელს და კანდიდატს სრულ ნდობას უცხადებს.
პრეზიდენტის ასარჩევად კოლეგიის შემადგენლობის ორი მესამედი ანუ 200 ხმაა საჭირო. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატებიდან ხმების შესაბამის რაოდენობას ვერავინ მოაგროვებს, მეორე ტური ჩატარდება. საუკეთესო შედეგის მქონე ორ კანდიდატს შორის გაიმარჯვებს ის, ვინც მეტ ხმას მიიღებს. მეორე ტურიც, საჭიროების შემთხვევაში, 14 დეკემბერს გაიმართება.