12 დეკემბერი 2024,   13:39
ვრცლად
იტალიის სანაპიროსთან გემი ჩაიძირა - ერთადერთი გადარჩენილი 11 წლის გოგონაა

მაშველებმა იტალიის სანაპიროსთან 11 წლის გოგონა გადაარჩინეს, რომელიც ზღვაში 3 დღის განმავლობაში მარტო იმყოფებოდა. როგორც ვარაუდობენ, ნავი იტალიის კუნძულ ლამპედუზასთან ჩაიძირა და მხოლოდ მოზარდი გადარჩა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

გოგონა, გერმანულმა საქველმოქმედო ორგანიზაცია CompassCollective-მა, ოთხშაბათს, დილის 3 საათზე გადაარჩინა. მათი განმარტებით, ისინი სხვა სამაშველო ოპერაციაზე მიდიოდნენ, როდესაც გოგონას ყვირილის ხმა გაიგეს.

”წარმოუდგენელი დამთხვევა იყო, ჩვენ გავიგეთ ბავშვის ხმა, მიუხედავად იმისა, რომ კატერის ძრავი მუშაობდა”, - განაცხადა კაპიტანმა მათიას ვიდენლუბერტმა პრესრელიზში, სადაც გოგონას გადარჩენაა აღწერილი.

გემი, რომელიც იტალიის სანაპიროსთან ჩაიძირა, ტუნისიდან იყო, ის შტორმში მოხვდა, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდა. ორგანიზაციის ცნობით, გემზე ჩაძირვამდე 45-მდე მგზავრი იმყოფებოდა.

11 წლის გოგონას თქმით, ის სამი დღის განმავლობაში იყო წყალში ორი თვითნაკეთი სამაშველო პლატფორმით, რომელიც ჰაერით სავსე კამერებისა და უბრალო სამაშველო ჟილეტისგან იყო დამზადებული.

იგი სასმელი წყლისა და საკვების გარეშე გადარჩა და მიუხედავად ჰიპოთერმიისა, ადეკვატურად რეაგირებდა.

დღის ამბები