ევროსაბჭოს გენერალური მდივანი თბილისში შეხვედრებს განაგრძობს. ცოტა ხნის წინ დასრულდა ალან ბერსეს და შალვა პაპუაშვილის შეხვედრა პარლამენტში. მანამდე გაიმართა მოლაპარაკება პრემიერ-მინისტრთან. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ, კომენტარი ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
მისი განცხადებით, შეხვედრა იყო პროდუქტიული, საუბარი იყო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და მოხდა შეთანხმება მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე.
მმართველ გუნდში იმედოვნებენ, რომ, ალან ბერსეს საქართველოში ჩამოსვლით და შეხვედრებით საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებთან, დასრულდება სპეკულაციები და საუბარი ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით.
ვიზიტის ფარგლებში, ალან ბერსე შეხვდება არჩეულ პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ოპოზიციას.
პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ ევროკავშირს ლეგიტიმაცია არ უღიარებია.
"ევროსაბჭო ცდილობს, რომ თანამშრომლობის გაგრძელების რესურსი დაინახოს საქართველოში. ლეგიტიმაცია არ აქვს ევროკავშირს აღიარებული, ამას მათი წერილიც მოწმობს", - აცხადებს აქუბარდია.
"ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" გრიგოლ გეგელიას თქმით, არცერთი მაღალი თანამდებობის პირი არ წარმოადგენს ლეგიტიმურ რეჟიმს.
"მთელი რიგი საერთაშორისო ინსტიტუტები ცდილობენ გარკვეული საერთო ენის გამონახვას - იმის მისაღწევად, რომ ეს კრიზისი არ ესკალირდეს ადამიანების კეთილდღეობისა და პოლიტიკური სისტემის სტაბილურობის ხარჯზე. არცერთი თანამდებობის პირი არ წარმოადგენს დღეს ლეგიტიმურ რეჟიმს და ეს კარგად აქვს გააზრებული ევროპულ კავშირს", - აცხადებს გეგელია.