ქვეყანაში ე.წ. ღორის გრიპი ვრცელდება - ბოლო ორ კვირაში გრიპის შემთხვევები გაორმაგებულია. ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, სჭარბობს სწორედ H1N1, რომელიც საზოგადოებაში ღორის გრიპის სახელით არის ცნობილი. იზრდება ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც.
გრიპის შემთხვევების რაოდენობა ახლა 25%-ს აღწევს, თუმცა, სპეციალისტების პროგნოზით, ვირუსული დაავადება 2 კვირაში კიდევ უფრო მეტად გავრცელდება.
ექიმები აცხადებენ, რომ, ცხელებასთან და სხვა სიმპტომებთან ერთად, შემთხვევათა დაახლოებით 40%-ში ფილტვების ანთება ვითარდება.
"50-ე კვირის მონაცემი ორჯერ აღემატება 49-ე კვირის მონაცემებს, კონკრეტულად გრიპის ვირუსზე ვლაპარაკობ. თუ 49-ე კვირას გრიპის ვირუსის წილი საერთო ვირუსულ პეიზაჟში 12%-ს შეადგენდა, ახლა ეს მაჩვენებელი 25%-ია. გაორმაგდა გრიპის შემთხვევების რაოდენობა და ეს შემთხვევის მატების ტენდენცია უკვე ბოლო 3 კვირის განმავლობაში ფიქსირდება. ქვეყანა არ არის ჯერჯერობით შემთხვევების პიკზე და ამიტომ, მანამ შემთხვევების პიკი დადგება, ყველაზე სასურველი და იდეალური პერიოდი არის სწორედ ვაქცინაციის ჩატარება", - აცხადებს იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.