03 იანვარი 2025,   07:07
ვრცლად
"საქართველოს მიმართ მიზანმიმართული, ხშირად უსაფუძვლო და უსამართლო კრიტიკა მხოლოდ ჩრდილს აყენებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობას" - მაკა ბოჭორიშვილი

"საქართველოს მიმართ მიზანმიმართული, ხშირად უსაფუძვლო და უსამართლო კრიტიკა მხოლოდ ჩრდილს აყენებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობას, იმ ქვეყნებთან ურთიერთობას, საითკენაც მივისწრაფვით", - ეს განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ელჩების კონფერენციის დასკვნით ღონისძიებაზე გააკეთა.

მაკა ბოჭორიშვილმა თავის სიტყვაში დიპლომატიური სამსახურის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

"ჩვენს მთავარ საზრუნავად, ისევ და ისევ, ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა და საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება რჩება იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისთვის მშვიდობიანი ბრძოლის ყველა შესაძლებლობა სათანადოდ გამოვიყენოთ. საქართველოს მიმართ მიზანმიმართული, ხშირად უსაფუძვლო და უსამართლო კრიტიკა მხოლოდ ჩრდილს აყენებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობას, იმ ქვეყნებთან ურთიერთობას, საითკენაც მივისწრაფვით.

დიდია ჩვენი დიპლომატების როლი ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობების წარმართვაში და საქართველოს შესახებ დეზინფორმაციული კამპანიების სათანადოდ გამკლავებაში. ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ფუნქციის რეალიზებასა და დასავლეთსა და აღმოსავლეთ შორის დამაკავშირებელი როლის მორგება ასე აქტუალური არასდროს ყოფილა. ამ ხიდის შენებას სჭირდება გეოპოლიტიკური მოცემულობის სწორი შეფასება და ბევრი მუშაობა იმისთვის, რომ მაქსიმალური სარგებელი ნახოს ჩვენმა ქვეყანამ.

საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები და პროგრესი არ უნდა რჩებოდეს შეუმჩნეველი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის და ამისთვის კიდევ უფრო აქტიურად უნდა გამოვიყენოთ საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობით მონიჭებული შესაძლებლობები. საქართველოს დიპლომატიური სამსახური, ბოლო პერიოდში, ღია და დაუფარავი შეტევის ობიექტი გახდა, რაც კიდევ ერთხელ უსვამs ხაზს ჩვენი სამსახურის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. მხოლოდ ჩვენი ერთობის ძალისხმევით და თავდაუზოგავი შრომით შევძლებთ საქართველოს სიტყვის იმგვარად თქმას მსოფლიოში, როგორც ეს ჩვენს სამშობლოს ეკადრება", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

დღის ამბები