03 იანვარი 2025,   07:34
ვრცლად
"სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციისთვის საინტერესო ფიგურა აღარ არის, ამის დასტურია მათი მხრიდან ორაზროვანი განცხადებები" - გივი მიქანაძე

სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ორბელიანების სასახლის დატოვების გადაწყვეტილებზე ოპოზიციაში არსებულ აზრთა სხვადასხვაობას მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციისთვის საინტერესო ფიგურა აღარ არის.

"ოპოზიციისთვის ის უკვე აღარ არის საინტერესო ფიგურა, ამის დასტურია ორაზროვანი განცხადებები ოპოზიციის მხრიდან. არ არსებობს მათი კოორდინირებული მოქმედების რაიმე გეგმა. ჩვენ გვესმის საყვედურები მასთან მიმართებაში - რაც უკავშირდება იმას, რომ სააკაშვილი არ შეიწყალა, რომ 29 დეკემბერს ხალხი, რეალურად, არაფრისთვის შეკრიბა, რადგან განაცხადა, რომ ტოვებდა ორბელიანების სასახლეს", - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გივი მიქანაძე.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლადო ბოჟაძე კი აცხადებს, რომ ხელისუფლების ოპონენტებს მხოლოდ საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესები ამოძრავებთ და მათთვის ქართველი ხალხის საჭიროებები მნიშვნელოვანი არ არის.

"ნებისმიერ მნიშვნელოვან საკითხზე მათ შორის არის აზრთა სხვადასხვაობა - ეს გამოჩნდა დაფინანსებისა და მანდატების საკითხზე, იგივე სალომე ზურაბიშვილის თემასთან დაკავშირებით - დარჩებოდა თუ არა ის რეზიდენციაში 29 დეკემბრის შემდგომ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ადამიანებს მხოლოდ საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესები ამოძრავებთ, მათთვის არ არის მნიშვნელოვანი ქვეყანა და ქართველი ხალხის ინტერესები," - აცხადებს ლადო ბოჟაძე.

დღის ამბები