28 აგვისტო 2026,   21:34
ვრცლად
"ბატონი ხაზარაძე კეტავდა ყველანაირ ურთიერთობას რუსეთთან, რაც ჩვენს ეკონომიკას დაანგრევდა - ახლა, როცა დაინახეს, რომ აშშ-ის მესიჯები თანხვედრაშია ჩვენს განცხადებებთან, იმ პოლიტიკას ღაღადებენ, რომელსაც "ქართული ოცნება" აწარმოებს" - მაჭავარიანი

"ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაჟღერებული მესიჯები არის სრულ თანხვედრაში ჩვენს პოლიტიკასთან", - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა მამუკა ხაზარაძის განცხადების პასუხად განაცხადა.

ლევან მაჭავარიანის თქმით, "ქართული ოცნების" მიერ გადადგმული ნაბიჯები საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარეობდა, ახლა კი მამუკა ხაზარაძეს სურს, რომ საკუთარი ამომრჩეველი მოატყუოს და აცხადებს, რომ იგივე პოლიტიკის გატარებას აპირებს, რომელსაც "ქართული ოცნება" აწარმოებს.

"კარგად მოგვეხსენება ბატონი ხაზარაძის მიერ დაინიცირებული რეზოლუციის პროექტი, სადაც ის კეტავდა ყველანაირ ურთიერთობას რუსეთთან - ფრენების ჩაკეტვაზე იყო საუბარი, უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე, ეს გამოიწვევდა ჩვენი ეკონომიკის ნგრევას. ის გადადგმული ნაბიჯები, პოლიტიკა, რომელიც ჩვენ ვაწარმოვეთ, ეფუძნებოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაჟღერებული მესიჯები არის სრულ თანხვედრაში ჩვენს პოლიტიკასთან. შესაბამისად, სხვა გზა არ რჩებათ და ახლა უნდათ, რომ თავიანთი ამომრჩეველი შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს ისინიც ღაღადებენ იმ პოლიტიკას, რომელსაც აწარმოებს "ქართული ოცნება", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, ერთ-ერთ მედიასთან მიცემულ ინტერვიუში, აღნიშნა, რომ საგარეო ასპარეზზე, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ პარტნიორობას გააგრძელებს, ხოლო რუსეთთან მოლაპარაკებებს დაიწყებს, თუმცა ხაზარაძემ დამატებითი განმარტებისგან თავი შეიკავა.

დღის ამბები