
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ X-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გერმანიამ საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ სანქციები დააწესა, ქართველი სამოქალაქო აქტივისტები ეხმაურებიან და ამ გადაწყვეტილებისთვის მადლობასაც უხდიან. მათ შორის არიან საქართველოს ყოფილი ომბუდსმენი ნინო ლომჯარია, ასევე ნანუკა ჟორჟოლიანის შვილი მარიამ გეგუჩაძე, ასევე სხვა სამოქალაქო აქტივისტები.
"დაახლოებით 3 თვის განმავლობაში ქართველი ხალხი საპროტესტო აქციებს მართავს ევროკავშირში მომავლის მხარდასაჭერად და საქართველოს ხელმძღვანელობის კურსის წინააღმდეგ. ისინი კვლავ არიან დაშინების, დაკავებებისა და ძალადობის წინაშე. დღეს გერმანიამ შემოიღო დამატებითი აკრძალვები იმ ქართველი ოფიციალური პირების ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებით, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ამ დარბევებზე" - წერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
"მადლობა ქართველი ხალხის გვერდით დგომისთვის, ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფების მხარდაჭერისთვის და ადამიანის უფლებათა დამრღვევებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაში დახმარებისთვის", - წერს ნინო ლომჯარია.