
საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს - მხარეები მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ. სხდომას ესწრებიან ბრალდებულებიც.
"როგორც პროკურატურა, ასევე დაცვითი მხარე წარმოვადგენთ მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რატომ არ უნდა იქნეს დაშვებული მოწინააღმდეგე მხარის მტკიცებულება და ვიმსჯელებთ ასევე საკუთარი მტკიცებულებები რატომ უნდა იქნეს დაშვებული, მაგრამ ვიდრე ამ საკითხებზე გადავალთ, აუცილებლად დავაყენებთ დაცვის მხარის შუამდგომლობას, რომ გაიხსნას პროცესი", - აცხადებს ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი.
პროცესის დაწყებამდე დაცვის მხარემ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა. ადვოკატები პროცესის სრულად გახსნას, სხდომაზე დაკავებულების ახლობლების და არასამთავრობო ორგანიზაციების დასწრებას ითხოვდნენ. მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რასაც დარბაზში ხმაური მოჰყვა.
"თვითონ გვაქვს წარდგენილი ცალკეული მტკიცებულებები, მათ შორის, ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, დანიშნული სასამართლო ექსპერტიზის შესახებ და ა.შ. რაც მიგვაჩნია, რომ სრულად და ერთმნიშვნელოვნად იქნას დაშვებული. თუ ჩვენივე მოთხოვნილი მტკიცებულებები იქნება დაუშვებლად ცნობილი, ბუნებრივია აღარ იარსებებს არავითარი საფუძველი თუნდაც ფორმალურად გაიგზავნოს არსებითად განსახილველად საქმე", - აცხადებს გურამ მირცხულავასა და ირაკლი ქერაშვილის ადვოკატი ომარ ფურცელაძე.
მოსამართლემ ბრალდებული რეზო კიკნაძე დარბაზიდან გააძევა. ერთმა ბრალდებულმა კი დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.
დაკავებულებს გამოძიება პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.