ინგლისელი გულშემატკივარი მალე საფეხბურთო მოედანზე ქართულ კედელს დაინახავს - გიორგი მამარდაშვილს, რომელმაც ახალა უკვე ფეხბურთის სამშობლოში დაბადებული ადამიანების გულები უნდა მოიგოს.
ქართველი მეკარე ინგლისური გრანდის მაისურს რომ მოირგებდა, ეს ამბავი გასული წლის ზაფხულში გახმაურდა. მას შემდეგ, რაც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა წარმატებულად ითამაშა. ქართველმა მეკარემ გულშემატკივარს თავი არაერთი საინტერესო მომენტით დაამახსოვრა, 4 თამაშში 29 ბურთი მოიგერია და მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩა იგორ აკინფეევის - 2008 წლის შედეგს ერთ ჩემპიონატზე მოგერიებული ბურთების რაოდენობით. მან პირველი ადგილი დაიკავა გასულ ევროპის ჩემპიონატზე.
მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავის გაოცებაც კი შეძლო.
გიორგი მამარდაშვილის შესახებ ტრანსფერი ჯერ ოფიციალურად არ დასტურდებოდა, როცა გავრცელდა ფოტოც, სადაც ქართველი მეკარე ინგლისური გრანდის ფერებშია.
მამარდაშვილმა ბოლო მატჩი "ვალენსიას" მაისურით უკვე ჩაატარა. "ღამურების" მეკარემ თვისი გუნდი ამ თამაშშიც არაერთხელ გადაარჩინა და ღირსეულად დაიცვა კარი. მატჩის შემდეგ კლუბსა და გულშემატკივრებს ემოციურად გამოემშვიდობა.
საქართველოს ნაკრების მეკარე ესპანელმა გულშემატკივრებმა ოვაციებით და სიმღერით გააცილეს. ქომაგები ხანგრძლივად უკრავდნენ ტაშს.
დამშვიდობება სტადიონზე არ დასრულებულა. ფანებისთვის გიორგი მამარდაშვილი გაჩერდა სტადიონის გარეთაც. გადაიღო ფოტოები და დაარიგა ავტოგრაფები. "მამარდაშვილი ერთ-ერთი ჩვენგანია" - წერდა "ვალენსიას" ოფიციალური გვერდი.
2021 წლის ზაფხულში გიორგი მამარდაშვილი ესპანურ კლუბში მეოთხე მეკარის სტატუსით მივიდა, მაგრამ პირველივე სეზონში ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდა და "ვალენსიას" ფორმით ყველა ტურნირზე 132 თამაში ჩაატარა, რომელთაგან 39-ში კარი მშრალად შეინახა. ქართველმა მეკარემ ესპანურ საფეხბურთო კლუბში რეკორდიც დაამყარა. მამარდაშვილმა ესპანეთის ჩემპიონატში, ლა ლიგაში ზედიზედ 61 შეხვედრა ჩაატარა ძირითად შემადგენლობაში, რაც "ვალენსიას" მეკარეებს შორის ისტორიაში ყველაზე მაღალი შედეგია.
"წითლებთან" ქართველი მეკარის მოლაპარაკების შესახებ ბოლო კვირებია უცხოური და ქართული სპორტული მედია აქტიურად წერს. ქართველი მეკარე Transfermarkt-ის მონაცემებით, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულია და მისი ფასი 45 მლნ ევროა.
მამარდაშვილი მიდის კლუბში, რომელიც ინგლისის უმაღლეს ჩემპიონატში პრემიერლიგაში ასპარეზობს. ტიტულოვან კლუბს ექვსჯერ აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა, მეტჯერ, ვიდრე რომელიმე ინგლისურ კლუბს, სამი უეფა-ს თასი, ოთხი უეფა-ს სუპერთასი, ერთი ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, შიდა ტურნირებში "ლივერპული" ცხრამეტჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, შვიდჯერ მოიგო ასოციაციის თასი, ყველაზე მეტჯერ, რვაჯერ მოიპოვა ინგლისის ლიგის თასი და ხუთჯერ საფეხბურთო სუპერთასი.
1964 წლამდე კლუბის ფორმა წითელი მაისური იყო და თეთრი შორტი, ცვლილების შემდეგ კი მთლიანად წითელი გახდა.
23 წლის მეკარისთვის გზა ინგლისამდე "გაგრიდან" დაიწყო. თამაშობდა კლუბ "გაგრას" მოზარდთა გუნდში. 2012 წელს გადავიდა თბილისის "დინამოში," სადაც სხვადასხვა ასაკის ახალგაზრდულ გუნდებში თამაშობდა. 2018 წლის სეზონში მთავარი გუნდის განაცხადშიც მოხვდა, თუმცა ქვეყნის პირველობის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში გუნდის ძირითად შემადგენლობაში არ უთამაშია. 2020 წლის დასაწყისში იჯარით თბილისის "ლოკომოტივში" განაგრძო თამაში. მოგვიანებით, ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩიც ჩაატარა. ამის შემდეგ კი ევროპული თავგადასავალი დაიწყო.
ქართველი მეოცნებე ბიჭი "ვალენსიას" რიგებს ტოვებს და ინგლისელ გულშემატკივარს ლივერპულის საშინაო არენა ენფილდის ტრიბუნებზე დაელოდება.