08 ოქტომბერი 2024,   18:46
ვრცლად
ბარაკ ობამასა და ფრანსუა ოლანდს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საფრანგეთის დედაქალაქში მომხდარ თავდასხმებზე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საგანგებო განცხადებაში ისაუბრა.

“ეს არის თავდასხმა არა მხოლოდ პარიზსა და ფრანგ ხალხზე, არამედ ეს არის თავდასხმა მთელს კაცობრიობაზე და იმ უნივერსალურ ღირებულებებზე, რომლებსაც ჩვენ ვიზიარებთ” - განაცხადა ბარაკ ობამამ.

ამერიკის ადმინისტრაცია მუდმივ კონტაქტზეა საფრანგეთის ხელისუფლებასთან. გვიან საღამოს პრეზიდენტი ობამა ესაუბრა პრეზიდენტ ოლანდს და კიდევ ერთხელ გამოუცხადა შეერთებული შტატების მზადყოფნა დაეხმაროს საფრანგეთს ნებისმიერი კუთხით, მათ შორის გამოძიების თვალსაზრისით. საგანგებო განცხადება გააკეთა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ.

საფრანგეთი ჩვენი უძველესი მოკავშირე, მეგობარი და არსებითად მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ ვდგავართ ფრანგი ხალხის გვერდით, ისევე როგორც ჩვენი ხალხი ყოველთვის ერთად იდგა მძიმე საათებში. ეს ტერორისტული თავდასხმები მხოლოდ აძლიერებს ჩვენს საერთო გადაწყვეტილებებს - აცხადებს ჯონ კერი.

საფრანგეთის ტერაქტებს გამოეხმაურნენ სენატის და წარმომადგენელთა პალატის წევრები, ასევე საპრეზიდენტო კანდიდატები, მათ შორის ჰილარი კლინტონი.

შეერთებულ შტატებში, უსაფრთხოება 13 ნოემბრის პარიზის თავდასხმების შემდეგ გაძლიერებულია, თუმცა ადმინისტრაციებს დიდ ქალაქებში, ისეთებში როგორებიც არის ნიუ იორკი, ჩიკაგო და ვაშინგტონი, შესაძლო საფრთხესთან დაკავშირებით დაზვერვისგან არანაირი კონკრეტული ინფორმაცია არ მიუღიათ. თუმცა ადგილობრივი ადმინისტრაციების გადაწყვეტილებით ნიუ იორკსა და ლოს ანჯელესში ხალხმრავალ ადგილებში პოლიციის დამატებითი ძალებია მობილიზებული.

 

ავტორი: დავით ნიკურაძე

დღის ამბები