"ღამის კურიერის" ეთერი დაეთმოს მზია ამაღლობელის ადვოკატს" - ამ მოთხოვნით, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის ეზოსთან აქცია გაიმართა. მედიის წარმომადგენლები და აქტივისტები ტელეკომპანიას მოუწოდებდნენ, პირდაპირ ეთერში მოიწვიოს "ნეტგაზეთის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატი მაია მწარიაშვილი და ასაუბრონ მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით.
მათი განმარტებით, "ღამის კურიერში" პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადება მზია ამაღლობელთან დაკავშირებით მათთვის მიუღებელი და ცილისმწამებლურია.
ზვიად ქორიძე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" რეგიონული ოფისების მენეჯერი: "6 მაისიდან ვთხოვთ ნინო შუბლაძეს, ჩვენი პირველი განცხადებით და ვეუბნებით, რომ ამავე გადაცემაში, ამავე დროით, ამავე ინტერვალით მიეცით საშუალება მზია ამაღლობელის ინტერესების დამცველს, მაია მწარიაშვილს, გამოთქვას თავისი მოსაზრებები, დაიცვას მზიას უფლებები."
თამარ რუხაძე, ჟურნალისტი: "ნებისმიერი მაუწყებლის ვალდებულებაა, საკუთარი მაყურებლის წინაშე ამბების სამართლიანად და დაბალანსებულად გაშუქება."
გელა მთივლიშვილი, ჟურნალისტი: "ვითხოვთ, მზია ამაღლობელის ადვოკატს, მაია მწარიაშვილს მიეცეს შესაძლებლობა, "ღამის კურიერში", იმ ეთერში, რა დროსაც პრემიერ-მინისტრმა დაარღვია მზია ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმფცია და მის მიმართ გაავრცელა მცდარი ინფორმაცია."
"რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, "ღამის კურიერის" წამყვანმა ნინო შუბლაძემ, აქციის მონაწილეებს გუშინვე, მისი გადაცემის მიმდინარეობისას უპასუხა:
"შემიძლია გითხრათ, რომ მაია მწარიაშვილს "რუსთავი 2-მა" და "კურიერმა" შესთავაზა ინტერვიუს ჩაწერა და პოზიციის გამოხატვა, რაზეც უარი მივიღეთ. მოთხოვნა არის აუცილებლად პირდაპირი ეთერი. აქვე, როგორც "რუსთავი 2-ის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ არასდროს პრობლემას არ წარმოადგენს მზია ამაღლობელის პროცესების გაშუქება ჩვენს არხზე, მისი მხარდამჭერების პოზიციების გაშუქება. ახლაც მზად ვართ, რომ მაია მწარიაშვილის პოზიცია მოვისმინოთ და მას მივცეთ საშუალება, გასცეს პასუხი იმ ბრალდებებს, რაზეც მას სურს, თუმცა მოთხოვნა - რა ფორმით, რომელ ეთერში, რა გადაცემაში და რამდენი დრო უნდა დავუთმოთ სტუმარს, ამაზე გადაწყვეტილებას იღებს კერძო ტელეკომპანია "რუსთავი 2" და მსგავსი მოთხოვნები ემსგავსება სარედაქციო პოლიტიკაზე ზეწოლის მცდელობას", - აღნიშნა ნინო შუბლაძემ.