08 ოქტომბერი 2024,   19:00
ვრცლად
საფრანგეთის ელჩი ქართველ ხალხს გამოხატული მხარდჭერისთვის მადლობას უხდის

საფრანგეთის ელჩი მადლობას უხდის ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის. პარიზში მომხდარი ტერაქტების შემდეგ საქართველოში გამოხატული მხარდაჭერისა და მედიის მიერ ამ თემის გაშუქებისთვის მადლიერების გამოსახატად ელჩი რენო სალენსი დღეს ქართულ ტელეკომპანიებში იმყოფებოდა. რუსთავი 2-ში ის არხის გენერალურ დირექტორის პირველ მოადგილეს ზაალ უდუმაშვილს შეხვდა.

„ყველა აცნობიერებს, რომ ჩვენ მუდმივი საფრთხის ქვეშ ვიმყოფებით. პრობლემაა რომ არავინ იცის, როდის, როგორ და სად იმოქმედებენ ტერორისტები. საფრანგეთი ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა, რადგან ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლ კოალიციაში, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი მიზეზი, საფრანგეთის კულტურა წინააღმდეგობაში მოდის ამ დაჯგუფების იდეოლოგიის ყველა ასპექტთან. საფრანგეთი წარმოადგენს ყველაფერს, რაც იმ ადამიანებს სძულთ. მათ მეომრებსაც კი ვერ ვუწოდებ, რადგან ისინი მხოლოდ უდანაშაულო ადამიანებს ხოცავენ. მაგრამ ფრანგი ხალხი ამბობს, რომ ისინი არ შეიცვლებიან, რადგან ფიქრობენ, რომ მათ ასეთი ადამიანები არ უნდა კარნახობდნენ როგორ იცხოვრონ,“ - აცხადებს რენო სალენსი.

საფრანგეთის ელჩმა კურიერთან იმ მხარდაჭერაზე ისაუბრა, რომელიც ბოლო რამდენიმე დღეა საქართველოს მხრიდან ფიქსირდება. რენო სალენსმა ხაზი გაუსვა საქართველოს ტერორიზმთან ბრძოლოს საკითხში მნიშვნელოვანი როლის შესრულებას. თქვა, რომ მან სამძიმარი მიიღო ხელისუფლებისგან, ოპოზიციისგან, რელიგიური ლიდერებისგან, უბრალოდ ხალხისგან, საფრანგეთის დროშის ფერებში განათდა რამდენიმე შენობა, საფრანგეთის ჰიმნი მოისმინა რუსთავი 2-ის ეთერშიც.

საფრანგეთის ელჩის განცხადებით თბილისში საფრანგეთის შენობებთან უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. ხვალ კი საკრებულოს შენობაში გაიხსნება სამძიმრის წიგნი.

ავტორი: ანა წერეთელი.

დღის ამბები