08 ოქტომბერი 2024,   18:48
ვრცლად
ბელგიის ხელისუფლებამ ბრიუსელში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე ერთი კვირით გაახანგრძლივა

ბელგიის ხელისუფლებამ ბრიუსელში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე ერთი კვირით გაახანგრძლივა. ბრიუსელში, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული 21 პიროვნებისგან ერთს ბრალი წაუყენეს, 15 გაათავისუფლეს, ხოლო დანარჩენი დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.

მეტრო, სკოლები და უნივერსიტეტები, სავარაუდოდ ხვალიდან დაიწყებენ მუშაობას.

მეოთხე საგანგებო განგაშის დონე, არსებული ინფორმაციით, ორშაბათამდე იქნება შენარჩუნებული. ამასთან დაკავშირებით, გუშინ გვიან საღამოს, ქვეყნის პრემიერმა განცხადება გააკეთა.

შარლ მიშელის თქმით, ბელგიას დღეს ძალიან რთული დღეები აქვს.

"დღესაც იმავე საფრთხის წინაშე ვდგავართ, როგორც ეს გუშინ იყო. იგივე რჩება პოტენციური სამიზნეებიც. ესენია ხალხმრავალი ადგილები: სავაჭრო ცენტრები, ქუჩები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შესაძლებელია, რომ ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს, მაგრამ უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე. გადავწყვიტეთ, რომ სკოლები ბრიუსელში ოთხშაბათიდან გაიხსნება, თუმცა სასწავლო დაწესებულებებთან უსაფრთხოების დამატებითი ზომები იქნება მიღებული. ოთხშაბათიდან მაქსიმალურად აღდგენა მეტროს მუშაობაც. რაც შეეხება, ტერორისტული საფრთხის დონეს, ის ორშაბათამდე უცვლელი დარჩება, რის შემდეგაც ვითარებას კიდევ ერთხელ შევაფასებთ,“ - განაცხადა შარლ მიშელმა.

ამ დრომდე არ დასტურდება ინფორმაცია პარიზის ტერაქტების მთავარი ეჭვმიტანილის  სალეჰ აბდე სლამის ბელგიიდან გერმანიაში გადასვლის შესახებ.

 

ავტორი: თამარ ნუცუბიძე

ამავე თემაზე
დღის ამბები