"ასეთი ფაქტი, არც უკრაინასთან დაკავშირებით, მით უმეტეს, არც ირანთან დაკავშირებით არც დადგენილა, არც დადგინდება, იმიტომ, რომ რეალობაში არ არსებობს." - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი, გამოცემა THE HILL-ში გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება.
გიორგი ვოლსკის თქმით, არიან ცალკეული ადამიანები, რომლებიც გარედან კარნახით მოქმედებენ.
"რეალურად, არსებობს ერთი სერიოზული შემაშფოთებელი, შემაძრწუნებელი პრობლემა, რომ საქართველოში არიან ადამიანები, არასამთავრობო ორგანიზაცია იქნება ეს თუ ცალკეული ადამიანები და პოლიტიკოსებად წოდებული, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ასეთი მეთოდით შეიძლება მიაღწიონ მთავარ მიზანს, რასაც გარედან კარნახობენ, რომ როგორმე მოხდეს ისე, რომ საქართველოში ვითარება შეიცვალოს, ისეთი პროცესები განვითარდეს, როდესაც ნგრევა იქნება შეუქცევადი. ამ მიზნით, მიდიან ნებისმიერ უზნეობაზე. არ არის ეს მარტო უზნეობა, ეს მე ვფიქრობ, დანაშაულია და ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ. არანაირი ასეთი ფაქტი, არც უკრაინასთან დაკავშირებით, მით უმეტეს არც ირანთან დაკავშირებით არც დადგენილა, არც დადგინდება. იმიტომ რომ რეალობაში არ არსებობს", - აცხადებს გიორგი ვოლსკი.
საუბარია სტატიაზე, რომელსაც გამოცემა THE HILL აქვეყნებს. სათაურით "საქართველო ირანის მიერ სანქციების გვერდის ავლის ჰაბი ხდება".
სტატიის ავტორი დემოკრატიის დაცვის ფონდის მკვლევარი ქეთი ქორქიაა, რომელიც წერს, რომ საქართველოში ირანული კომპანიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.