07 ივნისი 2026,   14:09
ვრცლად
"არც ერთი ბავშვი არ დარჩება მედიკამენტის გარეშე" - დიუშენით დაავადებულ ბავშვებს და მათ ოჯახებს დღეს სამების ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქი დალოცავს

კათოლიკოს-პატრიარქი შიო III, დიუშენით დაავადებულ ბავშვებსა და მათ ოჯახებს დალოცავს. ბავშვები და მშობლები სამების საკათედრო ტაძარში დილიდან მივიდნენ. დღესვე, საღამოს 6 საათზე, დაიწყება დიუშენის სამადლობელი მარში რუსთაველის მეტროდან მთავრობის ადმინისტრაციამდე. ეს იქნება ღონისძიება, რომლითაც მშობლები და იშვიათი დაავადების მქონე ბავშვები მადლობას ყველას, ვინც ბავშვებისთვის მედიკამენტების მიღების პროცესშია ჩართული. 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებს სახელმწიფოსგან მედიკამენტები გადაეცემათ. კონკრეტული პრეპარატები უკვე შერჩეულია. გადაწყვეტილება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული ზედიზედ ორი შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

შეხვედრების ფარგლებში გადაწყდა ისიც, რომ სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც სპეციალისტების, ჯანდაცვის სამინისტროსა და მშობლებისგან დაკომპლექტდა, ერთობლივი მუშაობით ფარმაცევტულ კომპანიებთან კონკრეტული 2 მედიკამენტის შეძენაზე მუშაობენ. 4 მედიკამენტიდან 2 პრეპარატს დიუშენით დაავადებული პაციენტები დაახლოებით 2 თვეში მიიღებენ.

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლების განცხადებით, ხელისუფლებასთან გამართული შეხვედრების შედეგად მედიკამენტების დაფინანსების საკითხზე შეთანხმება მიღწეულია. მათი თქმით, შერჩეული პრეპარატების შემოტანის პროცესი უკვე დაწყებულია და არც ერთი ბავშვი საჭირო მკურნალობის გარეშე არ დარჩება.

"ჩვენ შევხვდით პატრიარქს, სინოდის წევრებს, შემდეგ შევხვდით პრემიერს ირაკლი კობახიძეს. გადაწყვეტილება იქნა მიღებული, 4 აღიარებული მედიკამენტი, ან ორის თაობაზე, რომ იქნება მიღებული გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში. გადაწყვეტილება მიღებულია პრინციპში, მაგრამ მედიკამენტების შემოტანასთან დაკავშირებით, ეს გადაწყვეტილია და იქნება მორგებული ყველა ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. არც ერთი ბავშვი არ დარჩება მედიკამენტის გარეშე", - აცხადებს მშობელი ზაქარია გვიშიანი.

"ყველანაირი ინფორმაცია მივაწოდეთ პრემიერს და თავიდანვე ვიგრძენით, რომ უკვე მედიკამენტებზე შევჯერდებოდით და მეორე დღესვე დაგვიბარა, კონკრეტულ მედიკამენტებზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება. ვიმედოვნებთ, რომ 2 თვეს არ გასცდება ეს პროცესები და ეს მედიკამენტები შემოვა", - აცხადებს მშობელი თამარ გოგალაძე.

"მადლობა მინდა ვუთხრა საპატრიარქოს და უწმინდესს და უნეტარესს, რომელიც დღეს დალოცავს ჩვენ ბავშვებს, აზიარებს. გადაწყვეტილება უკვე გამოცხადდა, ორი წამალი შემოვა, დანარჩენ ორ წამალზე მუშაობა მიმდინარეობს", - აცხადებს მშობელი კახა წიქარიშვილი.

დღის ამბები