თუ ქვეყანა სხვა ქვეყანას აწვდის იარაღს, თავისი გადაწყვეტილებით და თანხმობით ომში ჯარისკაცებს აგზავნის, აწესებს ეკონომიკურ სანქციებს, ეს ქმნის თუ არა ჩვენს ქვეყანაში ბომბების წვიმას - სამწუხაროდ ამ ყველაფერზე არავინ საუბრობს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გადაცემაში "ღია ეთერი - დებატები".
არჩილ გორდულაძემ ყოფილი სახალხო დამცველის მიერ რუსთაველის გამზირზე გაკეთებული განცხადება გაიხსენა, სადაც ლომჯარია აცხადებდა, რომ რუსთაველზე ბომბების წვიმა ურჩევნია.
"ყოფილი სახალხო დამცველი, ნონო ლომჯარია დადგა რუსთაველის გამზირზე და განაცხადა: მე მირჩევნია ბომბების წვიმა ცვიოდეს, იმ სირცხვილს, რასაც ახლა განვიცდით მთელი ერიო - და რა იყო ეს სირცხვილი. ის, რომ ჩარტერური რეისით მთავრობამ არ დაუშვა კონკრეტული "მოხალისეების" გაგზავნა, არ დაუშვა, რომ საქართველო სანქციებს მიერთებოდა და მესამე - თურმე საქართველომ არ გადავეცით სამხედრო აღჭურვილობა უკრაინას. ახლა მარტივი კითხვა: თუ ქვეყანა სხვა ქვეყანას აწვდის იარაღს, თავისი გადაწყვეტილებით და თანხმობით აგზავნის ჯარისკაცებს ომში, აწესებს ეკონომიკურ სანქციებს, ეს ქმნის თუ არა ჩვენს ქვეყანაში ბომბების წვიმას. სამწუხაროდ ამ ყველაფერზე არავინ საუბრობს“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.