ქართველი ხალხის ნების სრული იგნორირება და ორმაგი სტანდარტი - სტრასბურგისა და ბრიუსელის უსამართლო მიდგომებზე საუბრობენ თბილისში. კანონმდებლები თვლიან, რომ სუბიექტური მიდგომებით ევროსტრუქტურები დემოკრატიულ ფასეულობებს შორდებიან.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ ეს ასე უხეშად საქართველოს მოსახლეობის ნების იგნორირება ღიმილისმომგვრელია.
"ცალსახად, ეს არანორმალური მოვლენაა, ეს არის ნამდვილად, ორმაგი სტანდარტი, იქიდან გამომდინარე, რომ ხდება სრული იგნორირება საქართველოს მოსახლეობის ნების. ასე უხეშად იგნორირება საქართველოს მოსახლეობის ნების, იმის გამო, რომ უბრალოდ არ მოეწონათ მოსახლეობის არჩევანი და ამის გამო ასე გაბუტულ მდგომარეობაში ყოფნა, ღიმილისმომგვრელია. ესეც გადაივლის, ჩაცხრება უკრაინის ომით ნაკარნახევი გარკვეული პოლიტიკური ხმაური და ადრე თუ გვიან, რა თქმა უნდა, ჩვენ მაინც დავსხდებით დიალოგის მაგიდასთან," - აცხადებს ლევან მახაშვილი.
შეგახსენებთ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დღეს საქართველოს შესახებ რეზოლუციას მიიღებს. საუბარია დოკუმენტზე, რომელშიც ქვეყნის მიმართ კრიტიკული პოზიციებია დაფიქსირებული.
დღესვე იგეგმება ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებული მსჯელობა, თუმცა შეხვედრაზე საქართველო მიწვეული არ არის. საკითხს წინასწარ შერჩეული შემადგენლობა განიხილავს.