პრემიერ-მინისტრი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგება. მთავრობის მეთაური ვრცლად ისაუბრებს ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, საგარეო კურსზე, შიდა და გარე გამოწვევებზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და დაგეგმილ რეფორმებზე.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ანგარიშში საუბარი იქნება სამშვიდობო პოლიტიკაზე, ეკონომიკურ საკითხებზე, დაკავშირებადობის ფუნქციაზე და სხვა, არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე.
"ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ამ ანგარიშში იქნება ასახული, ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკა. თუ რა ნაბიჯები გადაიდგა და რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს ჩვენი ხელისუფლება იმისათვის, რომ მშვიდობა და სტაბილურობა იყოს გარანტირებული ჩვენს ქვეყანაში.
ასევე, მნიშვნელოვანია ის ეკონომიკური ტემპი და ის ეკონომიკური ზრდა, რომლითაც ჩვენ ვმუშაობთ და ეს აუცილებლად ასე უნდა გაგრძელდეს. რა თქმა უნდა, ამაზეც იქნება საუბარი და კონკრეტულ გეგმებზე გამახვილდება ყურადღება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია დაკავშირებადობის ფუნქცია, რომელსაც ჩვენ ვატარებთ და საქართველო უნდა ჩამოყალიბდეს სატრანზიტო ჰაბად. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.
იცით, რომ შუა კორიდორში ჩვენი დატვირთვა მნიშვნელოვანია. ზოგადად, საკითხები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის კიდევ უფრო განმტკიცებას შეეხება, იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი მოქალაქეები ძალიან კარგად აღიქვამენ იმას, რომ საქართველოს შესახებ ყველა გადაწყვეტილება მიიღება საქართველოშივე", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.