03 ივლისი 2026,   18:12
ვრცლად
"თბილისის ურბანული ტყე" - თბილისის მერიასა და ფონდ "ქართუს" შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში განხორციელებული პროექტი დასრულების ეტაპზეა

თბილისის მერიასა და ფონდ "ქართუს" შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში განხორციელებული პროექტი - "თბილისის ურბანული ტყე" დასრულების ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში, თბილისის მასშტაბით, უკვე რეაბილიტირებულია 700 ჰექტრამდე ტერიტორია, დარგულია 700 000-მდე ნერგი და განახლებულია 45 კმ-მდე საფეხმავლო და ველობილიკი, მათ შორის, მოეწყო 20 კმ-მდე ახალი ბილიკი.

პროექტის მიმდინარეობისას მოიჭრა 52 000 გამხმარი ხე, გაკეთდა ოთხი ახალი ჭაბურღილი, რომელიც 200 ჰექტრამდე ტერიტორიას სარწყავი სისტემით ამარაგებს.

რეკრეაციული მიზნებისთვის მოეწყო მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურა - ძელსკამები, გადმოსახედები, მოსასვენებელი პავილიონები, თავშესაფრები და ფრინველებზე დაკვირვების ქოხი, რომლებიც მაქსიმალურად არის შერწყმული არსებულ ლანდშაფტსა და რელიეფთან.

პროექტის ფარგლებში,ასევე, გამოყენებულია ფრინველების ბუნებაში დაბრუნებისა და გამრავლების უნიკალური მეთოდი. ჭორვილის ეროვნული საშენიდან სპეციალურად მოწყობილ დროებით ვოლიერში განთავსდა ინკუბატორში გამოზრდილი კოლხური ხოხობი და კაკაბი, ერთ-თვიანი ადაპტაციის პერიოდის შემდეგ, ვოლიერის სახურავი იღება და დაახლოებით 80% ტოვებს ვოლიერს, თუმცა ისინი ვოლიერის მიმდებარე ტერიტორიას არ ცდებიან, რადგან აქ ეგულებათ საკვები, წყალი და თავშესაფარი, დამატებითი ფაქტორია ვოლიერში დარჩენილი ფრინველების ძახილიც. შედეგად, ბილიკებზე მოსეირნე მოქალაქეებს ფრინველების ნახვის შესაძლებლობა აქვთ.

პროექტის ღირებულება 24 მილიონი ლარია და მას სრულად საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" აფინანსებს.

დღის ამბები