ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში თურქეთში რეგისტრირებულმა ერთობლივმა საწარმო EYE-მ (Emre Ray + Yüksel + Erk) გაიმარჯვა.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულმა საწარმომ ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა.
"ჩვენ გვქონდა წინასაარჩევნო დაპირება ისეთი ისტორიული პროექტის განხორციელებაზე, როგორიცაა ტრამვაის ხაზი. დიდი დიღმიდან მეტროსადგურ „დიდუბესთან“ დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის მიზნით, აზიის განვითარების ბანკის (ADB-ის) შესყიდვის წესებით გამოცხადებული ტენდერი, მიმდინარე წლის 31 მარტს გაიხსნა. ტენდერში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა და შესაბამისი წინადადებები წარმოადგინა ოთხმა მსხვილმა კომპანიამ და ერთობლივმა საწარმომ, მათ შორის, სამი თურქეთში, ხოლო ერთი ჩინეთშია რეგისტრირებული. წარმოდგენილი წინადადებების შეფასება დასრულებულია და გვყავს გამარჯვებული კომპანია, თურქეთში რეგისტრირებული ერთობლივი საწარმო EYE (Emre Ray + Yüksel + Erk), რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა. ADB-ის შესყიდვის წესების შესაბამისად განისაზღვრა ე.წ. გასაჩივრების 14-დღიანი პერიოდი, რომლის გასვლის შემდეგაც გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, როგორც მერმა აღნიშნა, პროექტი შედგება სამი ეტაპისგან: კონცეპტუალური პროექტის მომზადება, დეტალური პროექტის მომზადება და სამშენებლო სამუშაოები. სამივე ეტაპის ვადა 36 თვეა, ყველა თანმდევი პროცედურის გათვალისწინებით კი, პროექტის დასრულება დაგეგმილია შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში.
"რაც შეეხება ტრამვაის ხაზს, იგი დაიწყება დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონების შერწყმის მიმდებარე ტერიტორიიდან და დავით აღმაშენებლის ხეივნისა და დიღმის მასივის გავლით, დაუკავშირდება მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიას; ტრამვაის ხაზის საორიენტაციო სიგრძე შეადგენს 7.5 კმ-ს, სადაც 11 გაჩერება განთავსდება. პროექტი ასევე მოიცავს შესაბამისი დეპოს მოწყობას, რომელიც გათვლილი იქნება 11 ერთეული ტრამვაის შემადგენლობის მომსახურება-ექსპლუატაციაზე. ხაზის მშენებლობის პარალელურად, გამოცხადდება ცალკე ტენდერი ტრამვაის 10 ერთეული შემადგენლობის შესყიდვაზე“, - განაცხადა მერმა.